Home
Category
TV Live Menu

მაგთიმ და ჯეოსელმა გადაწყვეტილება შეცვალეს

5a95275684515
თამუნა დემეტრაშვილი
27.02.18 13:37
739
ფიჭური კავშირგაბმულობის შეძენისთვის გამოცხადებულ ხელახალ ტენდერში მონაწილეობას მაგთიცა და ჯეოსელიც გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიებიდან აცნობეს. როგორც ჯეოსელში განაცხადეს, ამჟამად სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის პროცესში არიან და დადასტურებული გადაწყვეტილება უკვე ხვალისთვის ექნებათ, ტენდერში მონაწილეობის სურვილი დაადასტურეს მაგთიშიც. კომპანიებში ამ ეტაპზე არ განმარტავენ რა გახდა მათი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობაზე ორივე ოპერატორმა უარი თქვა, მაშინ მიზეზად კომუნიკაციების კომისიის წერილი დასახელდა, სადაც კომისია მობილურ ოპერატორებს მიუთითებს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების და მომსახურების მიწოდების შემთხვევაში კანონს დაარღვევდნენ. კომისია მაშინ მიიჩნევდა, რომ სატენდერო პირობებით, რომელიც "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ჰქონდა გამოცხადებული "კომუნიკაციების შესახებ კანონის“ 33-ე მუხლის დარღვევა იკვეთებოდა. აღნიშნული მუხლს კი ასეთი ფორმულირება აქვს - "მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები, მათ შორის მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფის ხარჯზე“. აღნიშნულ ტენდერში მაშინ ერთადერთი განაცხადი ,,ბილაინისგან“ შევიდა, თუმცა შესყიდვების სააგენტომ კონკურენციის არარსებობის მიზეზით ტენდერი შეწყვიდა.

დღეს კი 260 ათასამდე საჯარო მოხელის ფიჭური კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის მიზნით ხელახალი ტენდერი გამოცხადდა.

Bm.ge კომპანია "ბილაინსაც“ დაუკავშირდა, სადაც ხელახალ ტენდერში მონაწილეობის მზადყოფნა და სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day