კომპანია ,,მაგთიმ“ მობილურ ინტერნეტზე ტარიფების დაანონსებული ზრდა ისევ გადაავადა. როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, ამის მიზეზი მარეგულირებელი კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლის სურვილია, რაც ჯერ არ დასრულებულა.
"მარეგულირებელმა კომისიამ "მაგთიკომს" მიმართა თხოვნით, საკითხის შესწავლამდე შეეჩერებინა ტარიფების ცვლილება. მაგთიკომმა თხოვნა გაითვალისწინა. შესწავლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა", - აღნიშნეს კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ ტარიფების ზრდის 1 მარტამდე გადავადება მარეგულირებელმა კომისიამ "მაგთის" 17 იანვარს სთხოვა. წერილში კომისია აღნიშნავდა, რომ ტარიფების შესაძლო სუბსიდირების საკითხის შესწავლა სურდა. უფრო ადრინდელ განცხადებაში კი, მარეგულირებელმა კომისიამ "მაგთის" სურვილs გაეზარდა ტარიფები, "საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს გაცილებული“ უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვადა 1 მარტამდე თავად ითხოვეს, მარეგულირებელ კომისიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ როდის დაასრულებენ საკითხის შესწავლას. "როგორც კი შესწავლა დასწულდება, კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებთ", - განუცხადეს bm.ge-ს კომისიაში.