"საქართველომ "გაზპრომისგან" გაუარესებული პირობები მიიღო", - განაცხადა გადაცემაში "საქმიანი დილა“ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიძემ.
"საქართველო იმ პირობებით, რითიც აქამდე ხელმძღვანელობდა 10% ღებულობდა იმის საფასურად, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გაეტარებინათ გაზი, რომელიც სომხეთისთვის უნდა მიეწოდებინათ. ახლა ეს არა ნატურის სახით, არამედ ფულადი ანაზღაურებით მოხდება. ის თანხა, რომელიც საქართველომ შეიძლება აღნიშნული პირობით მიიღოს და შემდეგ ბუნებრივი აირი იყიდოს, აჩვენებს, რომ 10%-ს კი არ მიიღებს, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ მის ნახევარს. საინტერესოა, იმ 10%-დან დარჩენილ 5%-ს საიდან მივიღებთ - ბიუჯეტიდან თუ ტარიფები გაიზრდება?".
მელიქიძის განცხადებით, საქართველომ უალტერნატივო პირობა დათმო.
"ბუნებრივი აირის მიწოდება სომხეთისთვის მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით არის შესაძლებელი დღევანდელი მოცემულობით. განიხილავდნენ თითქოს ბუნებრივი აირის მიწოდება ირანიდან მოეხდინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელია და როდესაც ასეთი უალტერნატივო პირობა აქვს ქვეყანას, მოლოდინი იყო, რომ ეს უალტერნატივო პირობა გაცილებით უკეთესად იქნებოდა გამოყენებული ’’გაზპრომთან“, ვიდრე მისი გამოყენება რეალურად მოხდა", - აცხადებს მელიქიძე.