Home
Category
TV Live Menu

მაისში ლარი 3,8%-ით გამყარდა - ლარის გამყარებაზე მოქმედი ფაქტორები

57612b2352aed
BM.GE
15.06.16 14:14
1101
15 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.132 ლარია, რაც 2016 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს (28 იანვარი - 2.498 ლარი) 17.2%-ით ჩამოუვარდება.
ქვეყანასი უცხოური ვალუტის შემოდინებასა და მის გადინებაზე ბიულეტენს აქვეყნებს PMCG.

2015 წელს, ლარის გაცვლითი კურსი როგორც აშშ დოლარის, ასევე ევროს მიმართ დაეცა. 2015 წლის 1 იანვრიდან, 2016 წლის 1 იანვრამდე, ლარი ჯამში 27%-ით გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ, ხოლო 14%-ით ევროს მიმართ.

2016 წელს, გაუფასურების ტენდენცია ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო და 28 იანვარს 1 დოლარის ღირებულებამ მაქსიმალურ მაჩვენებელს (2.4985 ლარს) მიაღწია. მარტის თვიდან ლარმა გამყარება დაიწყო და 2016 წლის მაისში დოლარის მიმართ 0.09 ერთეულით (3.8%-ით) გამყარდა, ხოლო 2015 წლის მაისთან შედარებით - 0.14 ერთეულით (5.9%-ით).

მსგავსი ტრენდი ახასიათებს ლარის გაცვლით კურსს ევროსთან მიმართებაშიც. 2016 წლის 13 მარტს, 1 ევროს მაქსიმალურმა მაჩვენებელმა 2.8003 ლარი შეადგინა, რის შემდეგაც ფიქსირდება შემცირება. 2016 წლის მაისის თვის განმავლობაში, ლარი ევროს მიმართ 0.14 ერთეულით (5.6%-ით) გამყარდა, ხოლო 2015 წლის მაისთან შედარებით - 0.13 ერთეულით (4.8%-ით).

2016 წლის პირველი ოთხი თვის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი 11.7%-ით (80.6 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი 12.6%-ით (295.8 მლნ აშშ დოლარი)* არის შემცირებული. შესაბამისად, სავაჭრო ბალანსი 215.2 მლნ აშშ დოლარით (13%-ით) გაუმჯობესდა.

2016 წლის იანვარი-მაისის პერიოდში, უცხოეთიდან ჩარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 424.8 მლნ აშშ დოლარია, რაც მხოლოდ 3%-ით ჩამოუვარდება 2015 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 

ქვეყანაში უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროა, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტების (ტურისტების) რაოდენობა.

2016 წლის იანვარი-მაისის პერიოდში საქართველოს 2,051,518 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 10.5%-ით (216 ათასი კაცით აღემატება 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2015 წლის მდგომარეობით, ჯამში, სერვისების ექსპორტის მოცულობა 3,133 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით (114.7 მლნ აშშ დოლარი) არის გაზრდილი.

2016 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 376.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103.2%-ით აღემატება 2015 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების ერთ-ერთი წყარო კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებია. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა მოკლევადიან პერიოდში ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას, ხოლო სესხის მომსახურებისას კი პირიქით, გაუფასურებას.

საქართელოში, 2015 წლის თებერვლიდან, კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობები ყოველთვიურად მცირდებოდა. ასევე, შემცირებულია საკრედიტო ხელშეკრულებების რაოდენობებიც, შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში, შემცირდა უცხოური ვალუტის სესხების მომსახურების მოცულობაც, რაც უცხოურ ვალტაზე მოთხოვნის შემცირებას ნიშნავს.

PMCG

Subscribe to our news

Get the main news of the day