მაისში ვადაგადაცილებული სესხები 6.1 მლნ ლარით გაიზარდა და 361.3 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.4 პროცენტი იყო. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების 42.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.0 პროცენტს გაუტოლდა.
საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის მაისში შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 14.9 პროცენტი დაფიქსირდა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 9.9 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და წლიური 20.3 პროცენტი დაფიქსირდა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის უცვლელია და შეადგენს 25.1 პროცენტს, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით და წლიური 13.6 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხის საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა 0.4 პროცენტული პუნქტით და წლიური 10 პროცენტის დონეზეა, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.7 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, 2015 წლის მაისთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10 პროცენტი შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.3 პროცენტი შეადგინა.