უკვე რამდენიმე თვეა ქართველი დიზაინერების მაღაზია აშში-ში, ნიუ იორკში ფუნქციონირებს. Malat ნიუ იორკის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე ბროდვეიზე მდებარეობს და როგორც მაღაზიის მფლობელები აცხადებენ, პოპულარობითაც სარგებლობს.
უახლოეს მომავალში Malat გაფართოებას გეგმავს არამარტო ამერიკის, არამედ სხვა ქვეყნების მიმართულებითაც. როდის და რატომ გადაწყვიტეს მისმა დამფუძნებლებმა მაღაზიის ამერიკაში გახსნა და რატომ დაარქვეს ბრენდს Malat, - „ბიზნეკონტრაქტის“ კითხვებს მაღაზიის დამფუძნებლები პასუხობენ:
- მაღაზია Malat მდებარეობს ნიუ იორკში და ახდენს ქართველი დიზაინერების პროდუქციის რეალიზაციას. როდის შეიქმნა მაღაზია და ზოგადად საიდან წამოვიდა იდეა, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გახსნილიყო ქართული მაღაზია?
- მაღაზია გაიხსნა 2016 წლის 9 მარტს. როგორც იცით, ქართველი დიზანერების ნამუშევრების მიმართ ინტერესი ყველწლიურად იზრდება და ჩვენც ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ქართული პროდუქცია წარმოგვედგინა საზღვრებს გარეთ. გამომდინარე იქიდან რომ MALAT- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიუ - იორკში ცხოვრობს სხვა ქალაქზე აღარც გვიფიქრია... ასე გადაწყდა ნიუ-იორკი.
- გაამართლა თუ არა მაღაზიამ თქვენი მოლოდინები? რამდენად არის მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე?
- მოლოდინებმა ნამდვილად გაამართლა და პროექტიც წარმატებით შედგა, საბოლოო შედეგებზე ალბათ რამდენიმე თვეში უფრო დეტალურად შევძლებთ საუბარს, მას შემდეგ რაც ბრენდის ჩამოყალიბებიდან ერთი წელი გავა. მოთხოვნა ნამდვილად არის პროდუქციაზე, სხვა შემთხვევაში მაღაზია ვერ იფუნქციონირებდა.
- ვის ეკუთვნის მაღაზია, რა ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო თავის დროზე მასში?
- მაღაზის დამფუძნებლები არიან ანი ფურცელაძე, ნია და ანიკა ოძელაშვილები, ინვესტიციებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ.
- რომელ ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობთ?
- LALO Cardigans, 711 Seveneleven, Salome, UGLY studio, Gvantsa Janashia, Tamuna Ingorokva, AKA Nanitashvili, Nino Babukhadia, Atelier Kikala, Eshvi, Lela Eloshvili, Natia Cuff, Natia Khutsishvili, Dalood Group, Vaska Tabatadze, Silhouette Jewelery, Tsago Kanchaveli, Gwen Salakaia , Anouki, George Keburia, George Pantsulaia, Lako Bukia , Ketione ( keta topuria ) , Tatuna Nikolaishvili
- განსაკუთრებული პოპულარობით რა ტიპის პროდუქცია სარგებლობს?
- გამომდინარე ჩვენი მაღაზიის კონცეფციიდან, რაც გულისხმობს მხოლოდ ხელნაკეთი ნამუშევრების რეალიზაციას ყველაზე მეტად მოსწონთ ნაქსოვი და მოქარგული ნამუშვრები, სადაც ყველაზე მეტად ჩანს ადამიანის უშუალო ჩართულობა ნივთის შექმნაში.
- როგორია ფასები?
- ფასები მერყეობს 100$-დან ზემოთ.
- გარდა ქართველი დიზაინერებისა, კიდევ რა პროდუქცია იყიდება მაღაზიაში?
- ჩვენს სივრცეში მხოლოდ ქართველი დიზაინერები არიან წარმოდგენილი.
- ამჟამად ერთი მაღაზიით ხართ წარმოდგენილი, კიდევ სადმე თუ გეგმავთ გაფართოებას?
- გაფართოებას ვგეგმავთ, სურვილი გვაქვს სხვა შტატებშიც წარმოვადგინოთ MALAT და ასევე მოლაპარაკება გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც, გამომდინარე იქიდან რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა თავს შევიკავებთ ქვეყნის დასახელებისგან.
- რას ნიშნავს მაღაზიის სახელწოდება Malat?
- მალატ სვანური სიტყვაა და ნიშნავს "მიყვარხარ".