კომპანია "სოკარი" საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის საკითხს უარყოფს. როგორც დღეს სოკარ ჯორჯიას დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბაზარზე არც სხვა კომპანიაა, რომელსაც მსგავსი პროექტის განხორციელება სურს.
"პრესაში გავეცანი ინფორმაციას თითქოს, ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იწყება, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ადრე გვინდოდა ინვესტორებთან ერთად კარბამიდის ქარხნის აშენება, თუმცა ეს პროექტი შევაჩერეთ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქების ფასის ვარდნის გამო. ეს პროექტი ახლაც გაყინულია, თუმცა არანაირი სხვა კომპანია რომელიც პროექტს განახორციელებს ბაზარზე არ არსებობს", - განაცხადა მამედოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რომელიც მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად 40 მგ/სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, საწარმოს ინვესტორია შპს "ფაზის ოილი". იგი წარმოადგენს შპს Socar Georgia Investments-ის უფლებამონაცვლეს, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.