საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის განცხადებით, „სწორი ფისკალური პოლიტიკის შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯებს სავალუტო კურსზე გავლენა ვერ ექნება“.
საქმე იმაშია, რომ ხაზინის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის თანახმად, მომდევნო ათ დღეში მთავრობას დაახლოებით, 820 მლნ ლარი აქვს დასახარჯი.
„საქმის კურსის“ კითხვას: „აპირებს თუ არა მთავრობა მომდევნო ათ დღეში აღნიშნული თანხის ათვისებას და ხომ არ ექნება მას გავლენა ლარის კურსზე“, მამუკა ბახტაძემ კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.
„ეს კითხვა არის ძალიან მარტივი. სწორი ფისკალური პოლიტიკის შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯვას ეკონომიკურ თეორიაშიც კი გავლენა ვერ ექნება ვალუტის კურსზე. ყველა უწყებებს თუ აიღებთ, პირველ სამ კვარტალში ათვისების ხარისხი არის თითქმის 96%, მეოთხე კვარტალში ჩვენ ველოდებით ათვისების ძალიან მაღალ მაჩვენებელს. შესაბამისად, არანაირ არათანაბარ ხარჯვაზე საუბარი არაა. კიდევ ერთხელ განვმეორდები - სწორი ფისკალური პოლიტიკის შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯებს გავლენა ვერ ექნება სავალუტო კურსზე“, - განაცხადა ბახტაძემ.
ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურის ინფორმაციით, 19 დეკემბრის მდგომარეობით, დახარჯულია 10 მლრდ 600,7 მლნ ლარი, გადასახდელების გეგმა კი არის 11 მლრდ 720.5 მლნ ლარი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა დაახლოებით, 305 მლნ ლარის დახარჯვას მომავალ წელს გეგმავს, ამიტომ დეკემბრის ბოლომდე დასახარჯი რეალური თანხა 820 მლნ ლარამდეა.