Home
Category
TV Live Menu

"მაქსიმალურად ვიმუშავებთ, რომ ამერიკისთვის საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება პრიორიტეტი იყოს"

5863da215741d
BM.GE
28.12.16 19:26
1062
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, "ქართული მხარე მაქსიმალურად იმუშავებს იმისთვის, რომ აშშ-სთვის საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება პრიორიტეტი იყოს".

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მედიასთან 2016 წლის საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობას, მას შემდეგ, რაც ამის შესაძლებლობა გაჟღერდა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ყველა ფორმატში, პირველ რიგში იმ ფორმატში, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა - მაღალი დონის დიალოგი სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე. 2015 წელს პირველად გაიმართა ეს დიალოგი უმაღლეს დონეზე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თავისუფალი ვაჭრობის პრიორიტეტულობას, თუმცა სამწუხაროდ, ობამას ადმინიისტრაციის პრიორიტეტი არ იყო ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები", - განმარტა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ეს საკითხი, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის ყველა ფორმატში დღის წესრიგში დგას.

"ჩვენ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებაში, ეს იქნება სავაჭრო-საინვესტიციო დიალოგი, თუ სტრატეგიული კომისიის შეხვედრების გადაწყვეტილებები და განცხადებები, დაფიქსირებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, როგორც პრიორიტეტი, ანუ ამას ვინარჩუნებთ აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში და ველოდებით იმ ახალ მიდგომებს, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას ექნება. თუ ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ახალი ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტი იქნება, მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იყოს პრიორიტეტი აშშ-სთვის", - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day