Home
Category
TV Live Menu

მარიამ ვალიშვილი: არ გამოვრიცხავ, სუფთა ენერგიის გადასახადი შემოვიდეს

59cde06e94b05
დავით ჯალაღონია
29.09.17 10:00
917
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან წამახალისებელი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე ინვესტიციების მოზიდვა სექტორში შესაძლებელი არ იქნება, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიების მიმართულებით. ამის შესახებ ვალიშვილმა „საქმის კურსს“ საქართველოში მზის ენერგიის ასათვისებლად შემაფერხებელ ფაქტორებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი განმარტებით, ინვესტორების წასახალისებლად სახელმწიფომ შესაბამისი მექანიზმები უნდა შეიმუშაოს.

„ერთის მხრივ, ბაზარი კონკურენტული უნდა იყოს და მან შექმნას მოტივაციები, როგორც ეს ევროპაში მოხდა, მაგრამ მეორეს მხრივ, მზის ენერგიის სადგურები, ქარის სადგურები და სხვა განახლებადები, ძალიან დიდი სუბსიდიებით და ფინანსური ინსტრუმენტებით არის ევროპაში მხარდაჭერილი. მას საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, მომხარებელი იხდის, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი - გარკვეილი ეტაპის შემდეგ, ინვესტიციების ამოღების შემდეგ, მათი ცვლადი ხარჯები ძალიან დაბალია, შესაბამისად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ადგილობრივი რესურსის გამოყენების კუთხით, ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და განსაზღვრული პერიოდით მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა ვალიშვილმა.

მისივე თქმით, მხარდაჭერის არაერთი ფორმა არსებობს და მათგან ერთ-ერთი საქართველოში უკვე აპრობირებულია, კონკრეტული მექანიზმები კი იმ რეფორმების პროცესში დაზუსტდება, რაც უკვე მიმდინარეობს.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ გრძელვადიანი შესყიდვის ხელშეკრულებები დარჩეს და გარდა ამისა, გარკვეული წამახალისებელი ინსტრუმენტები შემოვიდეს, როგორიც არის გარემოსდაცვითი, ან სუფთა ენერგიის გადასახადი, იგივე განახლებადების გადასახადი. რიგ ქვეყნებში ამ გადასახადს საბოლოოდ მომხმარებელი იხდის, რადგან ელექტროენერგიის ხარჯში ამ სუფთა ენერგიის წილიც არის გათვალისწინებული. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ინსტრუმენტის გარეშე ენერგეტიკაში ინვესტიციებს არ უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა ძვირია, თუმცა - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი.
„ხანდახან არის განცდა, რომ ახალი სადგურების მშენებლობა ძვირია. დიახაც, ეს არის ძვირი, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას ქვეყანაში, თორემ ჩვენ კრიზისი არ გვემუქრება. თუ იქნება ფული გადახდილი და საკმაოდ მაღალი, ენერგიის მოწოდება ჩვენი ნებისმიერი მეზობელი ქვეყნიდან შეიძლება. აქ ლაპარაკია იმაზე, ეს ხარჯი მეზობელ ქვეყანაში გავიდეს, ამ შემთხვევაში იმპორტის უზრუნველყოფის სახით, თუ რეინვესტიციის სახით ეკონომიკაში, ამ შემთხვევაში ენერგეტიკის დარგში წავიდეს და ამან შექმნას უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე უბრალოდ ხარჯი“, - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ „საბაზრო პირობები ყოველთვის არ იძლევა საკმარის მოცემულობას იმისთვის, რომ ინვესტიციები განხორციელდეს“.

ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მზის 12 სადგურის ასაშენებლად პოტენციალის შესწავლის მიზნით კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმებია გაფორმებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day