Home
Category
TV Live Menu

მარნეულში გაშენებული ბროწეულის პლანტაცია სამ წელიწადში 200 ტონა მოსავალს მოიტანს

56f3b1920f00c
BM.GE
24.03.16 13:10
2831
რამდენიმე წლის წინ დაწყებული საქმიანობა და გაუთვალისწინებელი შედეგი. რა რისკების გათვლა უნდა მოხდეს ფერმერის მიერ საქმიანობის დაწყებამდე და რა მნიშვნელობა აქვს კლიმატურ პირობებს. აღნიშნული თემით “საქმიან დილასთან“ “ქართული ბაღების“ დამფუძნებელი, სულხან თურმანიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ბროწეული კომერციული მიზნით დღემდე არავის მოუყვანია, მას მხოლოდ საოჯახო ნაკვეთებში ახარებდნენ. ის პირველია, ბროწეულის ბაღი მოაშენა, მაგრამ ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ მისი გეგმების განხორციელება შეუძლებელი გახადა.
 
-რა ეტაპზე ხართ და რა მიმართულებით ვითარდება თქვენი ბიზნესი?

-ჩვენს კომპანიას ქვემო ქართლის რეგიონში 12 ჰექტარ ფართობზე, კერძოდ მარნეულის რაიონში წითელი ხიდის ზონასთან ახლოს ბროწეულის თანამედროვე ინტენსიური სტილის ბაღი-პლანტაცია აქვს გაშენებული.

-ეს პირველი მასშტაბური პლანტაციაა, რომელიც საქართველოში არსებობს, ანუ ეს მიმართულება ახალია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ფერმერებს საშუალება არ აქვთ შედარება მოახდინონ ან სხვისი შეცდომა გაითვალისწინონ, როდესაც ბიზნესს იწყებენ. რა სირთულეებთან იყო
დაკავშირებული ბიზნესის დაწყება და გათვლა რაც გქონდათ იყო თუ არა სწორი?

-ჩვენ თავიდანვე ვიცოდით იმის შესახებ, რომ ეს გარკვეულ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული. სოფლის მეურნეობა ამ კუთხით ჩვეულებრივი ბიზნესია.

-მთავარი რისკი კლიმატური პირობები იყო?

-ჩვენ ვიცოდით, რომ მთავარი რისკო კლიმატური პირობები იყო. კერძოდ, ჩვენს კულტურას, ანუ ბროწეულს ზამთარში მინუს 10 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის გადატანა უჭირს მანამ, სანამ ის ზრდასრულ ასაკს არ მიაღწევს. ზრდასრულ ასაკად შეიძლება ჩაითვალოს 5-6 წელი. შემდეგ უკვე მას გამძლეობა უვითარდება, ამ თვისებას გენეტიკურად ავლენს. პირველ სერიოზულ მოსავალს წელს ველოდებით, მაგრამ კლიმატური პირობების გამო ვეჭვობ, რომ შედეგი კარგი იქნება. წელსაც იანვარში სულ ერთი ღამე მინიუს 15 გრადუსი იყო და ის ორი საათი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ხის მერქნის გარკვეული ნაწილი დაზიანებულიყო.

-თუმცა ალბათ არ ფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით გაჩერდეთ. დარწმუნებული ვარ. რომ ხეების გაძლიერების შემდეგ საჭირო მოსავალს მიიღებთ. დღეს რა სამუშაოებს ატარებთ, რამდენად რთულია და იგივე დაზღვევის სისტემაზე მინდა გკითხოთ, თუ იცნობთ ამ მიმართულებას და აგროდაზღვევის პროგრამით თ სარგებლობთ?

-აგროდაზღვევის პროგრამა, როგორც ჩემთვის ცნობილია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, საპილოტე პროექტია. ის ყველაფერს არ მოიცავს და ამ კონკრეტულ პერიოდში ზამთრის ანომალიურ ტემპერატურებს არ მოიცავს. მოიცავს შემოდგომის ნაადრევ ყინვას, გაზაფხულის სეტყვას და ა.შ. იმიტომ, რომ ეს ფართოდ გავრცელებული პრობლემა არ არის. ბროწეული საქართველოში ისეთი მასშტაბით არ არის დანერგილი, რომ აუცილებელი იყოს სახელმწიფო პროგრამაში ჩასადებად და ეს გასაკვირი არც არის.

-რატომ გადაწყვიტეთ მარტო ბროწეულის გაშენება და სხვა მიმართულების განვითარებასაც ხომ არ გეგმავთ?

-ისევ ჩვენი ბაღის ფარგლებში სხვა მიმართულებებსაც ვაკვირდებით. კალიფორნიული ჯიშის ნუში და გარგარი გვაქვს დარგული, რომლებსაც ვაკვირდებით. ეს ადგილობრივი აგრო კლიმატური პირობების შესწავლის საფუძველზე გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ ბუნებრივია ქვემო ქართლში ციტრუსს ვერ მოიყვან. ყველა კულტურას თავისი რისკები აქვს. როდესაც ადამიანი ამ საქმეს იწყებს უნდა იცოდეს, რომ საკმაოდ გრძელვადიანი სამუშაოა და აუცილებლად მოთმინებაც უნდა იქონიოს.

-გამოსავალს სად ხედავთ, ვინმეს დახმარება ხომ არ გჭირდებათ, რაიმე საშუალებები თუ არსებობს, რომ ამ ყინვას გაუძლოს მცენარეებმა და მიღებული მოსავლის რეალიზებას სად აპირებთ?

-დახმარება ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს პრევენციული ყინვასთან ბრძოლის ღონისძიებები. ეს არის ძალიან განვითარებული ტექნიკური საშუალებები, მაგრამ არარენტაბელურია იმიტომ, რომ დიდი მასშტაბი არ აქვს ბიზნესს, მაგრამ ის 1 და 2 გრადუსზე მეტ ცვლილებას ვერ განახორციელებს. როდესაც კულტურა უძლებს მინუს 10-ს და მინუს 15 გაქვს, აქ ბრძოლას აზრი ეკარგება კიდეც.

-შესწავლილი თუ გაქვთ ქართული ბაზარი ბროწეულის, ან იგივე ნუშის მიმართულებით, ძირითადად ამ პროდუქციის იმპორტი ხდება, რადგან წარმოება განვითარებული არ არის...

-ნუში თითქმის 100 პროცენტი იმპორტი უნდა იყოს, ბროწეულს რაც შეეხება, ჩემი გათვლებით დაახლოებით 70 პროცენტი იმპორტულია. მომხმარებელი უპირატესობას აქაურ და აზერბაიჯანული ბროწეულის გემოს ანიჭებს. რეგიონში მოსულ კავკასიურ ბროწეულს ტკბილ-მჟავის რაღაცნაირი ბალანსი აქვს. ჩვენს ხალხს ასეთი უფრო სიამოვნებს. ამიტომ ჩემს ბროწეულს ადვილად მიანიჭებენ უპირატესობას, თუ ის ოდესმე მოვა და ავიღებ მოსავალს.

-როდესაც ყველაფერი დალაგდება, რა მოცულობის მოსავალს ელოდებით?

-ვფიქრობ, რომ დაახლოებით 3 წელიწადში, 2018-2019 წლისთვის ახლანდელი ჩემი ბაღის ზომამ 200 ტონის მოსავალს უნდა მიიღოს, რაც ცოტა არ არის.

Subscribe to our news

Get the main news of the day