მარტში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში წლიურად 48.5%-ით გაიზარდა და კვტ.სთ.-ზე 5.1 აშშ ცენტი შეადგინა, რაც 26.7%-ით მეტია თურქეთის საბაზრო ფასზე. G&T-ის ინფორმაციით, საბაზრო ფასი თურქეთში გაიზარდა 3.8%-ით 2016 წლის მარტის დაბალი ბაზიდან (-21.5% წ/წ) და კვტ.სთ.-ზე 4.0 აშშ ცენტი შეადგინა. 2017 წლის მარტში საბალანსო ბაზარზე მთლიანი ელექტროენერგიის 33.8% ივაჭრებოდა, დანარჩენი ვაჭრობა კი ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის და ჯამური მოცულობის ზრდა ძირითადად განპირობებულია იმპორტის დიდი მოცულობით.
იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი საქართველოში წლიურად 22.6%-ით შემცირდა 2016 წლის მარტის საკმაოდ დაბალი ბაზიდან (-31.7% წ/წ). ასეთი მნიშვნელოვანი კლების ძირითადი მიზეზი რუსეთიდან, „სალხინოს“ ელექტროგადამცემი ხაზით იმპორტირებული ელექტროენერგიის სუბსიდირებული ფასი იყო. აღნიშნული იმპორტი ძირითადად განკუთვნილი იყო აფხაზეთის რეგიონის მუდმივად ზრდადი მოხმარების დასაკმაყოფილებლად.