მარტში ხაჭაპურის ინდექსი 6,9%-ით შემცირდა და სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასმა 3,4 ლარი შეადგინა. ISET-ის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსი 4,1%-ით გაიზარდა.
ხაჭაპურის ინდექსს ISET იმ პროდუქტების ფასის მიხედვით ითვლის, რომელიც სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობადაა საჭირო.
მარტში ფასის შემცირება ძირითადად რძის ფასის შემცირებას უკავშირდებოდა. საქართველოს რძის პროდუქტების ბაზრის კვლევა აჩვენებს, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში ლიტრი რძის ფასი საშუალოდ 0,5-0,7 ლარი ღირს, მაშინ როდესაც სექტემბრიდან იანვრის ჩათვლით ფასი 1 ლარამდე ადის.
ფასების მსგავს ცვლილებას ISET რძის პროდუქტების ბაზრის განუვითარებლობას უკავშირებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში მცირე ზომის ფერმებს უმეტესად საკმაოდ მცირე რაოდენობის ძროხები ჰყავთ, რომელთა მიერ ნაწარმოები რძე ასევე მცირე რაოდენობისაა.