Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა თავისი Twitter-ის ანგარიშზე უპილოტო სატვირთო ავტომობილის პრეზენტაციის თარიღი დაასახელა. მისი განცხადებით, Tesla-ს უპილოტო სატვირთო ავტომობილის ტესტირება და პრეზენტაცია მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს კალიფორნიაში გაიმართება. მასკი წერს, რომ ’’ამ მხეცის“ ნახვა ნებისმიერმა ადამიანმა პირადად უნდა შეძლოს.
ოფიციალური ინფოიმრცია იმის შესახებ, რომ კომპანია Tesla სატვირთო ელექტრო ავტომობილს ავითარებს, რომელსაც უპილოტო რეჟიმში შეეძლება გადაადგილება, მიმდინარე წლის აგვისტოში გავრცელდა. თუმცა, მასკი ჯერ კიდევ გაზაფხულზე აღნიშნავდა, რომ სექტემბერში ელექტრო სატვირთო ავტომობილის გამოშვებას გეგმავდა. როგორც მასკი ამბობს, ეს არ არის რთული მოდელი, იგი უამრავ დეტალს Model 3-დან გამოიყენებს, მათ შორის, რამდენიმე ძრავს.
სავარაუდოა, რომ Tesla-ს სატვირთო ავტომობილი გერმანულ Daimler-ს გაუწევს კონკურენციას. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსის რავი შანკერის განცხადებით, სატვირთო ავტომობილების გაყიდვა 2020 წელს დაიწყება, მაგრამ Tesla-ში აღნიშნავენ, რომ პრეზენტაციის შემდეგ, უკვე წინასწარი შეკვეთების მიღებას დაიწყებენ და წინასწარმა გადახდამ შესაძლოა 5 ათასი აშშ დოლარი შეადგინოს.