ეკონომიკის სამინისტრომ რკინიგზის მგზავრების უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ დებულება დაამტკიცა.
დებულება მოიცავს როგორც მგზავრთა სავალდებულო ინფორმირებას, ასევე მატარებლით სხვადასხვა ბარგის გადატანის პირობებს. ასევე, მატარებლის მომსახურე პერსონალის მიერ შშმ პირების გადაადგილების და მომსახურების წესებს.
დებულების მიხედვით, რკინიგზა პასუხისმგებელია მგზავრის წინაშე იმ დანაკარგისა თუ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მატარებლის მომსახურების შეწყვეტის, დაგვიანების ან მგზავრის მიერ გადასხდომაზე დაგვიანების მიზეზით, მგზავრობის გაგრძელება იმავე დღეს შეუძლებელია. ზიანი მოიცავს მგზავრის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გონივრულ ხარჯებს, ასევე იმ პირების ინფორმირების გონივრულ ხარჯებს, რომლებიც მგზავრს ელოდება.
თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების საბოლოო პუნქტში ჩასვლა 60 წუთზე მეტი დაგვიანებით, მგზავრს უფლება აქვს: აუნაზღაურდეს ბილეთის მთლიანი ღირებულება მგზავრობის იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც არ განხორციელდა და იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა, თუ ისინი აღარ ემსახურება მგზავრის თავდაპირველ მგზავრობის გეგმას.
ტრანსპორტირების უფლების დაკარგვის გარეშე მგზავრს უფლება აქვს მოსთხოვოს რკინიგზას კომპენსაციის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ ბილეთში მითითებულ გამგზავრების და დანიშნულების პუნქტებს შორის ადგილი აქვს დაგვიანებას
დაგვიანებისათვის გადასახდელი კომპენსაციის მინიმალური ოდენობაა:
ა) ბილეთის ღირებულების 25%, მატარებლის 60 წუთიდან 119 წუთამდე დაგვიანების შემთხვევაში;
ბ) ბილეთის ღირებულების 50%, მატარებლის 120 წუთის ან მეტის დაგვიანების შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ დაგვიანება აღემატება 180 წუთს, რკინიგზა ვალდებულია მგზავრებს უსასყიდლოდ შესთავაზოს:
ა) ლოდინის დროის შესაბამისად, საკვები და გამაგრილებელი სასმელები, თუ მათი მარაგი არსებობს მატარებელში ან რკინიგზის სადგურში, ან გონივრულად შესაძლებელია მათი მარტივად მიწოდება;
ბ) როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი და ტრანსპორტირება რკინიგზის სადგურსა და სასტუმროს/საცხოვრებელ ადგილს შორის, თუ აუცილებელია ერთი ან მეტი ღამით გაჩერება, ან აუცილებელია დამატებითი დროით გაჩერება (აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო რეისებზე).