მცხეთის საკრებულომ 160 ათას ლარად მომზადებული ქალაქის განვითარების ახალი გეგმა დაიწუნა. როგორც მცხეთის საკრებულოს წევრმა და მასთან არსებული ურბანული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ რევაზ მამულაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, შპს „სალი 2011“-ის მიერ მომზადებული დოკუმეტნი ქალაქის იერსახეს სრულიად ცვლის, რაც საკრებულოსა და მცხეთის მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.
"ეს გეგმა საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. მასში არ ჩანს, რა სჭირდება ქალაქს. გეგმა მცხეთაში კოსტავას ქუჩის გადაკეტვას, არაგვის კალაპოტის შეცვლას და მდინარის ერთი განშტოების ბებრის ციხესთან შეჭრას ითვალისწინებს და ა.შ, რაც ქალაქს ურბანული თვალსაზრისით სრულიად ცვლის“, - განაცხადა მამულაშვილმა.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრის ინფორმაციით, მთავრობამ მცხეთაში მიწების გასხვიებასა და მშენებლობების დაწყებაზე მორატორიუმი ორი წლით გაახანგრძლივა, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს.
"110 ოჯახს მცხეთის ისტორიული ნაწილის შემოგარენში მიწის ნაკვეთები აქვთ, სადაც ამ მორატორიუმის გამო მშენებლობას ვერ იწყებენ. ჩვენ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ გააგრძელა მთავრობამ ეს მორატორიუმი“, - აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტთან იუნესკოს შენიშვნები აქვს.
თავად პროექტის ავტორი ჯგუფის წარმომადგენელი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე "ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მცხეთის საკრებულომ გეგმის პროექტი დაიწუნა, მიწათსარგებლობის გეგმის განხილვა სამთავრობო გუნდის ფორმატში იგეგმება, თუმცა - როდის, არ დაუკონკრეტებია. რაც შეეხება საკრებულოს შენიშვნებს, გეგმის ავტორი მას არ იზიარებს.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის ძირითადი ნაწილი ქალაქის სამეწარმეო, საზოგადოებრივი, სატრანსპორტო და კულტურული მიმართულებების განვითარებას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, მცხეთის საერთო ფართობი 43.93 კვ.კმ-ია, აქედან ბუნებრივი ლანდშაფტის ტერიტორია 40 კვ.კმ-ზეა გაშლილი, სადაც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება იკრძალება. ამ მიმართულების წარმომადგენლებს მცხეთის ძალიან მცირე ნაწილი- 2.19 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეხვდა.
რაც შეეხება ლანდშაფტის ზონას, აქ გეგმა განაშენიანების შეზღუდვას ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაში რეგულაციას ახალი დოკუმენტი დააზუსტებს, რომელიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწერება. მიუხედავად შეზღუდვებისა, ქალაქის აღნიშნული ნაწილი გარკვეულ დაშვებებს ითვალისწინებს.
როგორც გასული წლის სექტემბერში, „ბიზნესკონტრაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტორმა გოგი აბუაშვილმა განმარტა, ლანდშაფტის ზონა აქტიურ და პასიურ ნაწილებად იყოფა.
"პასიური ზონა არის სვეტიცხოველსა და სამთავროს მონასტერს შორის არსებული ტერიტორია. აქტიურ ზონაში შესაძლებელია ტერიტორიის განვითარება მსუბუქი მშენებლობების თვალსაზრისით, რომელიც ლანდშაფტის ტერიტორიის ფუნქციონირებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო პასიურში, რა თქმა უნდა, მშენებლობა შეზღუდული იქნება", - განმარტა გოგი აბუაშვილმა და დასძინა, რომ განაშენიანებისთვის შეზღუდულ მიწის ფართობში მცხეთის იუსტიციის სახლის შეჩერებული მშენებლობაც მოხვდა.
დოკუმენტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავი სატრანსპორტო სისტემას ეხება. გენერალური გეგმის ჯგუფი მიიჩნევს, რომ მცხეთაში საჭიროა ელექტრომობილებისა და სანაოსნო ტრანსპორტის განვითარება, ასევე ველობილიკების მოწყობა. რაც შეეხება საგზაო მარშრუტებს, ამ მხრივ მიწათსარგებლობის გეგმა ქალაქის მუნიციპალიტეტს კოსტავას ქუჩის საფეხმავლოდ გადაკეთებას ურჩევს, თუმცა მცხეთის მერიის არქიტექტორს გოგი აბუაშვილს ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ წარმოუდგენია.
"არის ერთი პრობლემა. ეს ქუჩა არის ერთ-ერთი ცენტრალური და თან - ცალმხრივი, რომელიც ქალაქის შემოგარენს ისტორიულ ნაწილთან აკავშირებს. ამიტომ სანამ არ შემუშავდება ალტერნატივა, რომელსაც ამ ქუჩაზე მოძრავ მანქანებს შევთავაზებთ, კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა უნდა შენარჩუნდეს", - აღნიშნა აბუაშვილმა.
მისივე ინფორმაცით, დოკუმენტის მომზადებაში 160 ათასი ლარი საპროექტო ჯგუფს „სალი 2011“ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის მიწათსარგებლობის ახალგენერალურ გეგმაზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს დაიწყო. გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან გასულ წელს ამოიღო.