მძღოლების შეცდომაში შეყვანისთვის სან-ფრანცისკოს სასამართლომ ტაქსის მომსახურების სერვისს Uber $20 000 000 ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
The Hill-ის ინფორმაციით, კომპანიას ბრალი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) წაუყენა. მისი მონაცემებით, თითქმის ოცამდე ქალაქში Uber-ი მძღოლებს შემოსავლის გადაჭარბებულ რაოდენობას პირდებოდა და ისინი ავტომობილის შეძენის დაფინანსების საკითხში შეცდომაში შეყავდა.
Uber-ის ვებ-გვერდზე აღნიშნული იყო, რომ ნიუ-იორკში მისი მძღოლების საშუალო წლიურმა შემოსავალმა $90 000-ს გადააჭარბა, სან-ფრანცისკოში ანალოგიურმა მაჩვენებელმა $74 000 შეადგინა. რეალურად, მძღოლები, რომლებიც კვირაში 40 საათი მუშაობდნენ ნიუ-იორკში $29 000 გამოიმუშავებდნენ, ხოლო სან-ფრანცისკოში - $21 000-ს. 2015 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, განცხადებების ვებ-გვერდზე Craigslist კომპანია მძღოლებს მაღალ საათობრივ ანაზღაურებას პირდებოდა. მაგალითად, ბოსტონში საათში 25$-ს, ხოლო მინეაპოლისში საათში $18-ს. ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ აღმოაჩინა, რომ ტაქსის ონლაინ-გამოძახების კომპანიის მიერ მითითებული თანხის გამომუშავება საშუალოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მძღოლების მხოლოდ 30%-მა შეძლო, ბოსტონში კი ეს წილი 10%-ზე ნაკლები იყო.
Uber თაღლითობასა და მძღოლების მოტყუების ფაქტს უარყოფს, თუმცა პირობას დებს, რომ მძღოლებთან მუშაობის პრაქტიკას აუცილებლად გააუმჯობესებს.
მარეგულირებელთან გარიგება არ გულისხმობს იმას, რომ კომპანია დანაშაულს ოფიციალურად აღიარებს. ასევე Uber-ი აცხადებს, რომ მძღოლების კომპენსაციის გაცემის საკითხი მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ იქნება გადაწყვეტილი.