პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მთავრობის თანადგომა ჰქონდა.
მეჭიაურმა „ბიზნესკონტრაქტთან“ ბლიც-ინტერვიუში კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მას მხარს უჭერდა.
- ამ კანონპროექტის შემუშავებაში, მთავრობისგან არათუ თანადგომა გვქონდა, მათი მხრიდან იყო საკმაოდ აქტიური თანმონაწილეობაც. ამით მე ყველაფერი ვთქვი.
- კონკრეტულად ვინ იყო ჩართული?
- პრაქტიკულად ყველა... პირდაპირ თუ ირიბად.
- კვირიკაშვილი? ქუმსიშვილი?
- რა თქმა უნდა, ისინიც მონაწილეობდნენ წინასწარ განხილვებში.
- კანონპორექტის იდეა და შემდეგ მისი პარლამენტში ინიცირება თქვენგან წამოვიდა თუ მთავრობისგან?
- არა. იდეა ჩემგან წამოვიდა და მხარდაჭერილი იქნა მთავრობისგან...
- არ გრძნობთ გარკვეულ პოლიტიკურ უხერხულობას იმის გამო, რომ ამ კანონპროექტის გამო, სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა ვერ სრულდება - პროგრამა შეიძლება შეჩერდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვერ მიიღებს დაახლოებით 40 მლნ დოლარს სავალუტო ფონდიდან და ასევე მასთან პირდაპირ მიბმულ გრანტებს ევროკავშირიდან...
- ამ კანონპროექტს ამ თანხების მოზიდვაზე არანაირი გავლენა ჰქონია. ესაა ანტიპიარი.
- ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც თქვა, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერი ევროკავშირის გრანტი პირდაპირ იყო მიბმული სავალუტო ფონდის პროგრამასთან...
- ხადურს ასეთი რამ არ უთქვამს, მაგრამ თუ ასე თქვა, მაშინ ხადურს ამ კანონპროექტისთვის არ უნდა დაეჭირა მხარი.