Home
Category
TV Live Menu

მელორ ტყეშელაშვილის პასუხი "საერთაშორისო შეთქმულების" ავტორებს

5a59ed599555e
BM.GE
13.01.18 16:00
855
გაზეთ ახალი თაობის 20 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა წერილი სათაურით „ებრაელი ბიზნესმენების მიმართვა ისრაელისა და საქართველოს მთავრობისადმი“, სადაც აღწერილია თუ როგორ დაგეგმეს ქართველმა და ებრაელმა პარტნიორებმა საერთაშორისო შეთქმულება ვინმე ელბახარის წინააღმდეგ.

მიმართვის ავტორებს მელორ ტყეშელაშვილი პასუხობს:

„მიმართვის“ ავტორი პირდაპირ არ აცხადებს, მაგრამ აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ შეთქმულებაში საქართველოს და ისრაელის მთავრობებიც მონაწილეობდნენ.

საინტერესო და საეჭვოა ის ფაქტი რომ მიმართვის ავტორი არ გვიმხელს კომპანიის დასახელებას და არც იმაზე საუბრობს რაში დასჭირდა ან ქართულ ან ებრაულ მხარეს ამ კომპანიის განადგურება. არც იმაზეა საუბარი რა ხეირი ნახეს ამ „განადგურებით გამნადგურებლებმა“.

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პარტნიორების დუმილით გათამამებული ებახარი ცდილობს ანალოგიური მიმართვები მიაწოდოს ქართულ და ებრაულ ბიზნესწრეებს , ასევე ამ ორი ქვეყნის მთავრობებთან დაახლოებულ პირებს.

არ მინდა ქართველების და ებრაელების საუკუნოვან მეგობრობას, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს ჩრდილი მიადგეს.

ჩვენი ხალხების მეხსიერებაში მწარე მოგონებებს აღძრავს წინა ხელისუფლების ავანტიურისტული საქციელი - ებრაელი ბიზნესმენების საქართველოში ჩამოტყუება , მექრთამეობის ბრალდებით დაპატიმრება და მათგან დიდი ოდენობით თანხების გამოძალვის მცდელობა.

ყველაზე მთავარი და საინტერესო ის მიზეზია რისთვისაც ეს „მიმართვა“ დაიწერა. მის ავტორს კომპანიისთის საჭირო მანქანა-დანადგარები ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში შეუძენია და ახლა ამ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ფულის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ ამ საკმაოდ მძიმე ბრალდების დამადასტურებლად არავითარი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. ვერც წარმოადგენდა, რადგანაც ბუნებაში ასეთი არც ფაქტი არსებობს და არც დოკუმენტი. ეს მიმართვა გახლავთ ჩვეულებრივი ავანტიურა - თუ გაუვა ხომ კარგი და თუ არადა ის ხომ არაფერს კარგავს.

„მიმართვის“ ავტორის კიდევ ერთი ბრალდება ასე ჟღერს - პარტნიორებმა სახელმწიფოსგან 49-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით აღებული მიწის ნაკვეთი არ დაისაკუთრონ. ასეთ სულელურ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთებაც შეუძლებელია. სანამ ამას დაწერდა რჩევა მაინც ეკითხა. ნებისმიერი დამწყები იურისტი აუხსნიდა, რომ სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის დასაკუთრება ან გასხვისება დაუშვებელია.

ამ ყოვლად აბსურდული ბრალდებებიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: მიმართვის ავტორმა იცის რომ ისრაელის დღევანდელ ხელისუფლებაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. ცხადია ავტორი ერთერთი ოპოზიციური დაჯგუფების დავალებით მოქმედებს და ცდილობს ისრაელის მთავრობას სახელი გაუტეხოს. სწორედ ამიტომ მოიხსენიებს საქართველოში ისრაელის ელჩს და მის სიძეს და მიანიშნებს საქართველო-ისრაელის მთავრობების „უკანონო ქმედებებზე“.

საბოლოოდ, აშკარა პროვოკაციამდე მიდის, - ფული მომეცით თორემ საქართველოს და ირაელის მთავრობებს და ბიზნესწრეებს ერთმანეთს გადავკიდებ.
კომპანია, რომელზეც „მიმართვის“ ავტორი საუბრობს, დაახლოებით 10 წლის წინ შეიქმნა. ეს გახლავთ ებრაულ ქართული შპს მტკვარი, სამშენებლო კომპანია, რომელიც ქსნის რაიონში მდებარეობს. სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია თავიდანვე წარუმატებელი აღმოჩნდა, მისგან მოგება არც მე და არც სხვა პარტნიორებს არ მიგვიღია.
2012 წლიდან ფინანსური დარღვევების გამო საწარმოს ქონებას ყადაღა დაედო და აუქციონზე გაიყიდა. ხაზს ვუსვამ - კომპანიის ქონება დააყადაღა და აუქციონზე გაყიდა საქართველოს სახელმწიფომ. ეს იმას ნიშნავს რომ კომპანიის ყველა დამფუძნებელი დაზარალდა.

„მიმართვის“ ავტორის მტკიცებით კი კომპანიის წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავე არის საქართველოში ისრაელის ელჩის სიძე დავიდ უტენი. ეს არის თავხედობა და სიცრუე. მას გაკოტრებულ კომპანიასთან და მით უმეტეს მის მართვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

ბატონმა მომჩივანმა წესით უნდა იცოდეს და მან ეს ნამდვილად იცის, რომ კომპანიის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს არა რომელიმე ქვეყნის ელჩი ან მთავრობა, არამედ პარტნიორთა კრება. სწორედ ასე ინიშნებოდნენ და თავისუფლებოდნენ კომპანიის ხელმძღვნელები, ეს ძირითადად ებრაული მხარის ინიციატივით ხდებოდა.
ავტორი იმასაც ამტკიცებს რომ მე კომპანია ვიღაც „მესამე „ პირისთვის პარტნიორებთან შეუთანხმებლად მიმიყიდია. ასეთი რამის თქმა ადამიანს რომელიც მეტნაკლებად აზროვნებს არ ეკადრება. ბუნებრივია, არაფერი გამიყიდია, მაგრამ რომ მომენდომებინა კიდეც, მთლიანად კომპანიის, მისი ქონების ნაწილის გაყიდვა ან დამოუკიდებლად ქონების შეძენა, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე, ამას ვერ გავაკეთებდი.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფინანსური დარღვევების გამო კომპანიის ქონება დააყადაღა და მისი ნაწილი აუქციონზე საქართველოს სახელმწიფომ გაყიდა.
გასული საუკუნიდან მოყოლებული, ისრაელთან და მის ბევრ მოქალაქესთან მჭირდო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს.

შემიძლია ვიამაყო, რომ მათ შორისაა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდეგ უკვე პრემიერი არიელ შარონი. საქართველოში მისი ვიზიტის დროს (მაშინ თბილისის ვიცე მერი ვიყავი) ელჩ შაბთაი ცურთან ერთად ებრაელთა ერთ-ერთ სასაფლაოზე მოვიძიეთ მისი ბებიის საფლავი.

დიდი სიმაყით მინდა ვთქვა, რომ ჩემი მეგობარია ელჩი შაბთაი ცური, რომელიც წარმოშობით ვანიდან არის. ის უაღრესად განათლებული ადამიანია. იმდენად მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, რომ საქართველოში ელჩად მეორე ვადით დანიშნეს. ამ ადამიანს ძალიან დიდ პატივს სცემენ ისრაელში, საქართველოში და მის მშობლიურ ვანში მისი სახელობის ქუჩაც კი გახსნეს.

მის მიმართ დაკავშირებით გაკეთებული ცილისწამებლური განცხადებები არის სამარცხვინო. მე მელორ ტყეშელაშვილი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ , რომ ბატონ შაბთაის კომპანიის დამფუძნებლების გაცნობაში, ადმინისტრაციულ საქმიანობასა და საკადრო პოლიტიკაში არასდროს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
P.S. კომპანიის საკუთრებაში მყოფი დანადგარები უპატრონოდ არის მიტოვებული . კარგი იქნება თუ მიხედავენ.

მელორ ტყეშელაშვილი

გაზეთი „ახალი თაობა“

Subscribe to our news

Get the main news of the day