ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,8%-ით გაიზარდა და 14,2 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 7,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 7,5%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის მეორე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 79,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 9,6% - საშუალო, ხოლო 11,3% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 78,7%, საშუალოზე - 10,5%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 10,8%.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში 10,4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4%- ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 6,5 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,2 %-ით მეტი ). დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 601,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,7%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,6% ქალია, ხოლო 59,4% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 60,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,4% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 24,7% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 564,5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,1%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1668,4 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,0 %-ით მეტი ).