წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის II კვარტალში 445 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20 პროცენტით მეტია 2015 წლის II კვარტალის წინასწარ და 4 პროცენტით ნაკლები იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 834 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 11 პროცენტით აღემატება.
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, საიდანაც 146 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო, საიდანაც 64 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 36 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩინეთიდან. ასევე მთავარი ინვესტორი ქვეყნების ხუთეულში არიან თურქეთი და პანამა.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის II კვარტალში 63 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდადა 175 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 60 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 46 მლნ. აშშ დოლარით.