თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა გიგა ნიკოლეიშვილმა, დაზუსტებით არ იცის თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, თბილისის მერი რა სფეროებს ჩააბარებს.
როგორც ნიკოლეიშვილმა საკრებულოს მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იგი დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას, დღეს შეხვდება და თავის საკურატორო სფეროებს დააზუსტებს. სავარაუდოდ კი მისი მეთვალყურეობის ქვეშ მერიის უსაფრთხოებისა და დასუფთავების სამსახურები იქნებიან.
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები აცხადებენ, რომ მერის მოადგილის თანამდებობაზე იმ კანდიდატურების განხილვა, რომელთა სამართავი სფეროები და შესაბამისად სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ხედვა უცნობია, არასერიოზულია.
აღსანიშნავია, რომ მერის მოადგილეეების კანდიდატურების წარსადგენად დედაქალაქის საკრებულოში არა დავით ნარმანია, არამედ მისი პირველი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე გამოცხადდა. საკრებულოს ოპოზიცია მერიის სისტემაში ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოში გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, მერის კიდევ ერთი მოადგილის კანდიდატი ნატო ქიტიაშვილი იქნება განხილული.
გარდა ამისა, დღესვე საკრებულო მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი უკლება, მერიის ადმინისტრაციის უფროსად კი ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურებს უყრის კენჭს.