მეტროში ეტლით მოსარგებლეებისთვის მგზავრობის სატესტო პროექტი სავარაუდოდ შემოდგომაზე ამოქმედდება. შესაბამისი ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია "ურბანულ ლაბორატორიას" აქვს.
ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი ბაბუნაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ საუბარია სპეციალურ აპარატზე, რომლის მეშვეობითაც ეტლით მოსარგებლეები მეტროსადგურში მოხვდებიან.
პირველი სატესტო აპარატი ორგანიზაციას თავად ჩამოაქვს. როგორც ბაბუნაშვილი აცხადებს, აპარატი საქართველოში სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოსთვის იქნება.
ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, სად დამონტაჟდება აპარატი, თუმცა, თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ეს იქნება ან თავისუფლების მოედანზე, ან რუსთაველზე ან მარჯანიშვილზე. ლოკაცია კი დამოკიდებულია ინფრასტრუქტურაზე, უფრო კონკრეტულად, მეტროსადგურში მოხვედრა კიბის გარეშე უნდა იყოს შესაძლებელი.
გიგა სოფრომაძის თქმით, თუ პროექტმა გაამართლა, ეტლით მოსარგებლეებისთვის სხვა მეტროსადგურებიც იქნება ადაპტირებული.