Home
Category
TV Live Menu

მეთხილეებს სესხის ასაღებად გირაოში მოსავლის ჩადება მომავალი წლიდან შეეძლებათ

58108a8c295ea
სალომე მეცხვარიშვილი
26.10.16 17:05
1142
მეთხილეებს სესხის ასაღებად გირაოში საკუთარი მოსავლის ჩადება მომავალი წლიდან შეეძლებათ. შესაბამისი პროექტის დამუშავება დასკვნით ეტაპზეა. მასზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაცია Pafai-სთან ერთად მუშაობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" განმარტავს, რომ ე.წ. საწყობის ჩეკების გაცემის პროექტი მომავალი წლის პირველ 3 თვეში დაიწყება.

შედეგად, ფერმერს შეეძლება საკუთარი მოსავალი საწყობში შეინახოს და ამის დამდასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად მიიღოს, რასაც ბანკში სესხის აღების დროს გირაოს მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს.

"ფერმერს აღარ მოუწევს სესხის აღებისთვის თავისი უძრავ - მოძრავი ქონების გირაოში ჩადება. ამ გირაოსთვის საკმარისი იქნება, ის დოკუმენტი - საწყობის ჩეკი- რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანს გააჩნია თხილი კონკრეტული რაოდენობით, რაც იქნებოდა გირავნობის საფუძველი საფინანსო ინსტიტუტისთვის სესხის გასაცემად",- აცხადებს დავით გალეგაშვილი.

მისი თქმით, მომავალ წელს ასევე შეიქმნება სპეციალური ვებ-პორტალი, სადაც შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება და ის იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მათ შორის ფერმერებისთვის, გამყიდველებისთვის, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის.

კითხვაზე, მზად არიან თუ არა პროექტში ჩაერთონ ბანკები, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ პირველ ეტაპზე პროექტში ჩაერთვებიან და "საწყობის ჩეკის" საფუძველზე სესხებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ. დავით გალეგაშვილის თქმით, ბანკები პროექტის მიმდინარეობას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

"მას შემდეგ, რაც სადაზღვევო კომპანიები ჩავრთეთ ამ პროექტში, მათ მოითხოვეს, რომ საწყობი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი. ანუ საწყობი დაცული უნდა იყოს, რომ იქ შენახული მარაგები არ განადგურდეს. ჩვენი სააგენტო ახლა მუშაობს, აპირებს რომ გამოაცხადოს ტენდერი და დააფინანსოს ეს მიმართულება",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროექტი მეთხილეებზე გავრცელდება და პროდუქციის დასაწყობება ფერმერებს კოოპერატივ "დარჩელის თხილში" შეეძლებათ, მოგვიანებით კი, თუ პროექტმა გაამართლა, სხვა აგროსფეროებზეც გავრცელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day