Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ყველაზე დაბალი პენსიაა

BM.GE
06.09.21 14:23
436
პენსია - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელსაც პოლიტიკოსები განსაკუთრებით აქტიურად წინასაარჩევნო პერიოდში იხსენებენ. ამას მარტივი ახსნა აქვს - საქართველოში 783 ათასი პენსიონერია ანუ ზუსტად ამდენივე საარჩევნო ხმა. ეს გვერდით გადავდოთ და მოდი, შევადაროთ, როგორ ცხოვრობენ ასაკით პენსიონერები საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში? და პენსიაზე საუბრისას ვგულისხმობთ სახელმწიფო პენსიას. საქართველოში ამჟამად 70 წლამდე პირების პენსია 240 ლარია - 77$, 70 წელს ზემოთ პირები კი ყოველთვიურად 275 ლარს - ანუ 88 დოლარს იღებენ. საქართველოში საპენსიო ასაკი კაცებისთვის 65, ქალებისთვის კი 60 წელია. 2021 წლიდან საქართველოში პენსიის ინდექსაცია მოქმედებს და მისი ზრდა დამოკიდებულია ყოველწლიურ ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე. მოდი გადავინაცვლოთ სომხეთში, სადაც პენსია საქართველოზე ოდნაც მაღალია. სომეხი პენსიონერები თვეში საშუალოდ 89 დოლარს იღებენ. ქვეყანას 467 ათასი პენსიონერი ჰყავს. აზერბაიჯანელი პენსიონერები ქართველებთან შედარებით შეიძლება ითქვას ფუფუნებაში ცხოვრობენ. საშუალო პენსია აზერბაიჯანში 361 მანათი, ანუ 212 დოლარია, ანუ საქართველოში არსებულ პენსიაზე თითქმის ორ-ნახევარჯერ მეტი. დაახლოებით ამდენივეს იღებენ ყოველთვიურად რუსეთში მცხოვრები პენსიონერები. საშუაო ასაკობრივი პენსია 215 დოლარს შეადგენს და ამ თანხის მიღება შეუძლია მამაკაცს 60 წლის და ქალს 55 წლის ასაკიდან. ქვეყანაში 46 მილიონი ასაკით პენსიონერია. საშუალო პენსია უკრაინაშიც საქართველოზე მაღალია და 112-დან 123 დოლარამდე მერყეობს. თუმცა, ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, რომ არსებული პენსია თითქმის არაფრისთვის არის საკმარისი, მით უფრო გაძვირებულილ ფასების ფონზე. ქვეყანაში საპენსიო ასაკი წელს გათანაბრდა ორივე სქესისთვის და 60 წელს შეადგენს. უკრაინას 8 მილიონი პენისონერი ჰყავს. თუ შევაჯამებთ ყველაფერს, რაც ბოლო 2 წუთის განმავლობაში მოისმინეთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართველი პენსიონერს ყველაზე ხელმომჭირნედ უწევს ცხოვრება და ეს მაშინ, როცა ფასები ყოველთვიურად იზრდება, განსაკუთრებით მედიკამენტებსა და სურსათზე, რაც უპირველესად სწორედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახება.

Subscribe to our news

Get the main news of the day