მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დისაპორული კაპიტალის მოსაზიდად მთავრობისგან ნაბიჯებს მომავალი წელისთვის ელოდება. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარკ ჰულტსმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ქართული დიასპორის კაპიტალი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ჯერ-ჯერობით გამოუყენებელი წყაროა.
"ჩვენ დიდი ხანია საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებში ლობირებას ვახდენთ, რომ ეს მიმართულება გაძლიერდეს. აუცილებელია, რომ როგორც ეკონომიკური, ისე ადამიანური რესურსების კუთხით არსებული პოტენციალი გამოყენებული იყოს საქართველოს განვითარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ფულადი გზავნილების ეფექტურად გამოყენება შეიძლება - ფულადი გზავნილების ხარჯები მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და მცდელობა იყოს, რომ ფულადი გზავნილები მხოლოდ პირადი ხარჯებისთვის არ იქნას გამოყენებული და შემოსული თანხების თემის დონეზე გამოყენება მოხდეს, თუნდაც მთლიანი სიფლის, ან ქალაქის უბნისთვის, სადაც მიგრანტების ოჯახები ცხოვრობენ", - განმარტა მარკ ჰულტსმა და დასძინა, რომ ეს გეგმა ჯერ საწყის სტადიაზეა და შედეგი უფრო მომავალი წლისთვის იქნება.
შეგახსენებთ, რომ დიასპორული კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის წარმოდგენას დიასპორის სახკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გეგმავდა, თუმცა ეს უწყება გაუქმდა. როგორც გასულ წელს „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოში ინვესტიციების დაბანდების ხელშესაწყობად სხვადასხვა მიდგომების შემუშავება შეიძლება.
"დიდი შესაძლებლობაა იმ ადამიანების ინვესტიციების მოზიდვა, რომლებიც საქართველოდან არიან წასულები. ერთ-ერთი შესაძლებლობა შეიძლება იყოს, რომ მათ ისეთი შეღავათები შევთავაზოთ, რომ მშობლიურ რაიონში ინვესტიცია განახორციელონ. შეიძლება, მთავრობამ ბიუჯეტის სასარგებლოდ რაღაც პერიოდში არაფერი მიიღოს, მაგრამ ამან ხელი შეუწყოს იმ რაიონში დასაქმებას. ეს ერთ-ერთი ვერსიაა, რასაც მე ვფიქრობ", - განაცხადა კაკულიამ.
დეპუტატის თქმით, ინვესტიციების მოსაზიდად ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება იყოს, მიწის გარკვეული რესურსის შეთავაზება დიასპორის წარმომადგენლებისთვის შეღავათიანი პირობებით, თუმცა "საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, აქ დაფიქრება იქნება საჭირო".