მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მეწარმეების უნარების ამაღლებისა და არსებული ბიზნესის შემდგომი განვითარების მიზნით, 100-მდე ბენეფიციარებისთვის მარკეტინგული მომსახურების შეთავაზება დაიგეგმა, რაც მოიცავს მათთვის 3 თვიან საკონსულტაციო მომსახურებას და რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სასწავლო კურსის განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული სახის აქტივობები რამდენიმე ეტაპად ხორციელდება და ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით განისაზღვრა.
მარკეტინგული მომსახურების ძირითად მიზანს ხსენებულ პროგრამაში ჩართული მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ბიზნესის მართვის, დაგეგმვისა და ეფექტიანი განხორციელების მექანიზმების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და კონკრეტული მომსახურების გაწევა წარმოადგენს.
აღნიშნულის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი სახის მომსახურებები:
შეიქმნება პროგრამის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქტების ბრენდინგი და მარკეტინგულად შეიფუთება ნაწარმი
მოიძებნება პროდუქტისა თუ სერვისისთვის შესაბამისი სარეალიზაციო არხები
დაიგეგმება სათანადო სასწავლო კურსები პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისათვის
მნიშვნელოვანია რომ მსგავსი ტიპის მარკეტინგული მხარდაჭერა, ბენეფიციარებს საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის კომერციალიზაციაში დაეხმარება და მისცემს შესაძლებლობას შექმნან და აწარმოონ მომგებიანი და ხანგრძლივვადიანად მოთხოვნადი პროდუქტი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 27-28 თებერვალსა (სასტუმროს მენეჯმენტი) და 4-5 მარტს, სასტუმრო „ფაბრიკას“ ტერიტორიაზე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე მეწარმეებისთვის (ხელნაკეთი ნივთების წარმოება, საკვები პროდუქტების წარმოება, ავეჯის წარმოება, საფეიქრო ნაწარმის წარმოება, სასტუმროს მენეჯმენტი) სასწავლო სემინარი გაიმართა, რომლის ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები სხვადასხვა ინდუსტრიიდან საჭიროებების გათვალისწინებით გაეცნენ კონკრეტულ საკითხებს.
სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავდა შემდეგ თემებს:
მეწარმეობის კუთხით საქართველოში არსებული შესაძლებლობები და პრობლემატიკა
სასტუმროს მენეჯმენტი
ფასდადგენასთან, პროდუქტის შეფუთვასა და ბრენდირებასთან დაკავშირებული საკითხები
სხვა, ბიზნესის წარმატებულად წარმართვისთვის აუცილებელი საკითხები
ამასთანავე, საჭიროებიდან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია ბენეფიციარების პროდუქციისთვის სარეალიზაციო არხების მოძიება, რასთან დაკავშირებითაც მოცემული ეტაპისთვის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სუპერმარკეტების ქსელებსა თუ სხვა თემატურად დაკავშირებულ სარეალიზაციო არხებთან პროგრამის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქციის/სერვისის შეტანის თაობაზე.