ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება. 15-დან 31 მაისის ჩათვლით ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge იქნება შესაძლებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს შეეძლება, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს ორ ძირითად ეტაპს:
1) ბიზნესიდეების წარდგენა, რომელიც 2017 წლის 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ ბიზნესიდეის განაცხადი ონლაინ ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge რის შემდეგაც მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა. გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც;
2) შემდგომი ეტაპი ბიზნესგეგმის წარდგენას მოიცავს, სადაც მონაწილეებმა განაცხადი ისევ ვებგვერდზე: www.qartuli.ge უნდა შეავსონ, რის შემდეგაც გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორები. სწორედ ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას და ჩაუტარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრეინინგები.
დაფინანსების მექანიზმი შემდეგნაირია:
ერთი მეწარმე სუბიექტი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 5 000 ლარი
ორი მეწარმე სუბიექტი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 10 000 ლარი
სამი მეწარმე სუბიექტი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარი
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ ის აკმაყოფილებს შემდგომ კრიტერიუმებს:
• არის საქართველოს სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) მოქალაქე;
• არ არის საჯარო მოხელე;
• არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე;
• კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20%-იან თანხობრივ თანამონაწილეობას; მზად არის ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.