Home
Category
TV Live Menu

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეროვნული ბანკის მხრიდან მათ დაჯარიმებას ადასტურებენ

57d13ac3c5ee6
სალომე მეცხვარიშვილი
08.09.16 14:14
1306
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეროვნული ბანკის მიერ მათ დაჯარიმების საკითხს ეხმაურებიან. "ბიზნესკონტაქტისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე ორგანიზაცია ჯარიმას სასამართლოში ასაჩივრებს. "ბიზნესკონტაქტის" ინფორმაციით, დაჯარიმებულებს შორის არიან Swiss Capital, Kredit +, Leader Credit.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში Swiss Capital და Creditplus ადასტურებენ, რომ ჯარიმა ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნამდვილად დააკისრათ, თუმცა, კომპანიები გასაჩივრებას არ აპირებენ.

Swiss Capital-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პაატა დაიაური აცხადებს, რომ ჯარიმა კანონის შესაბამისად დაეკისრათ, შესაბამისად, პროცესების სასამართლოში გადატანას არ აპირებენ. პაატა დაიაურის განცხადებით, დაჯარიმება ტექნიკური დარღვევების გამო მოხდა.

"ეს იყოს ტექნიკური დაჯარიმება, მონიტორინგში იყო გამორჩენილი კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება, რომლის გამოც დავჯარიმდით. საუბარი იყო ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდებაზე. ტექნიკური საკითხი იყო, ამიტომ არ იყო რელევანტური ჩივილი",- აცხადებს პაატა დაიაური.

მისივე ინფორმაციით, ორგანიზაციები, რომლებიც ჩივიან, უფრო რთულ, სათუო საკითხებზე დაობენ ოფიციალურ უწყებასთან.

კომპანია Lider credit-ს ხელმძღვანელი ზაზა ნარაკიძე კი "ბიზნესკონტაქტთან" არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ კომპანია დაჯარიმებულია. შესაბამისად, მისი თქმით, ისინი არც ჩივიან.

"ბიზნესკონტაქტს“ ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს, რომ ჯარიმების გამო რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უჩივით. საუბარია არა 1-2, არამედ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, რომლებიც ჯარიმას არ ეთანხმებიან.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს სასამართლოში უჩივიან

Subscribe to our news

Get the main news of the day