მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ეროვნული ბანკის სასამართლო დავა გრძელდება. მიკროსაფინანსოებს პრეტენზია ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მათთვის დაკისრებულ ჯარიმებს უკავშირდება. აღნიშნული საქმის დეტალებზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია საუბრობს.
- ბატონო ბესო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დასახელება თუ შეგიძლიათ, რომლებმაც ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს?
- ეს საკმაოდ აქტუალური თემაა, რომელიც ბოლო პერიოდში დაიძრა. მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ ასოციაციაში ინფორმაციის მიწოდება თავის დროზე მაინც და მაინც თანმიმდევრულად არ მოხდა. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, თვითონ ეს ორგანიზაციები ცდილობდნენ ინფორმაცია კომფიდენციალურად შეენახათ.
- თქვენი ასოციაციის წევრები არ არიან?
- რამდენიმე ორგანიზაცია ჩვენი წევრია, უბრალოდ ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას ყველაზე, თუ ამ ეტაპზე რამდენი ორგანიზაცია აწარმოებს დავას.
- რომელი მსხვილი ორგანიზაციები არიან შეგიძლიათ დაასახელოთ?
- მათი ნებართვის გარეშე ცოტა უხერხული იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ ორგანიზაციების დასახელება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 2-3 ორგნიზაციაზეა საუბარი და ამ საკითხთან დაკავშიორებით შემდგომ უკვე თვითონ ორგანიზაციებთან და ეროვნულ ბანკთანაც გვქონდა კომუნიკაცია.
- რა რაოდენობის ჯარიმაზეა საუბარი, ზუსტი ციფრი თუ არის ცნობილი?
- თუ გავითვალისწინებთ ამ ორგანიზაციების მასშტაბებს, ჯარიმები ზოგადად საკმაოდ მაღალია და ეს ერთ-ერთი საკითხია - ჯარიმების მოცულობა და დარიცხვის პრინციპი, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკთან განიხილება. თვითონ ასრებული სიტუაცია საკმაოდ რთულია. ერთის მხრივ, გასაგებია და ამ ორგანიზაციების პოზიციას ჩვენ ვიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარიმები ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია და ასევე იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მხრიდან ჯარიმების დარიცხვის მთავარი მოტივი არის ის, რომ ამ ორგანიზაციებმა აღრიცხვის სტანდარტები გააუმჯობესონ, რომელიც მონიტორინგის სამსახურის შესაბამისი კანონით არის გათვალისწინებული. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები საკმაოდ რთულია და ბევრ მცირე ორგანიზაციას მოთხოვნების შესრულება უჭირთ. დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფიდან დამთავრებული ადამიანური რესურსებით. ხშირ შემთხვევაში ყველა ამ მოთხოვნას თუ გავითვალისწინებთ, რაც ბოლომდე უნდა დაკმაყოფილდეს, შესაძლებელია ცალკეულ ორგანიზაციებს ცალკეული დეპარტამენტების ჩამოყალიბება დასჭირდეთ იმისათვის, რომ ეს მოთხოვნები სრულად განხორციელდეს.
- არის თუ არა შანსი, რომ ჯარიმა იმ ოდენობის იყოს, რომ ზოგიერთმა მათგანმა ბაზარზე ოპერირება შეწყვიტოს?
- რა თქმა უნდა, ამის საფრთხე არსებობს და სწორედ აქედან გამომდინარე, ოქროს შუალედის გამონახვას ვცდილობთ. მეორეს მხრივ, ეროვნული ბანკის პოზიციაც აბსოლუტურად გასაგებია, რადგან სწორედ მათ ამ კანონთან შესაბამისობაში ორგანიზაციების შემოწმება ევალებათ. იგივე იმ ჯარიმების მოცულობაც კანონით კარგად განსაზღრული არაა. იმიტომ, რომ ცალკეულ შემთხვევებში ერთ ფაქტზე ჯარიმა 100-დან 1500 ლარამდე ოდენობით შეიძლება იყოს და თუ შესაბამისად ამ თანხას დარღვევების რაოდენობაზე გავამრავლებთ, შესაძლოა რაღაც ასტრონომიული თანხები მივიღოთ, რაც შედეგად იქამდე მიგვიყვანს, რომ ცალკეული ორგანიზაციები შეიძლება საერთოდ დაიხუროს. ეს კი თავის მხრივ, არავის ინტერესში არ შედის. აქვე ეროვნული ბანკის პოზიციაც მნიშვნელოვანია. ეს კანონი რეგულაციებთან დაკავშირებით და ზოგადად მონიტორინგის სამსახურის შესახებ ცალკეულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან არის შეთანხმებული და ეროვნულ ბანკს კანონთან სრულ შესაბამისობაში შემოწმების განხორციელება და ჯარიმების დარიცხვა ევალება.
- ბოლო ინფორმაციით, როდის არის სასამართლო სხდომა ჩანიშნული?
- სამწუხაროდ ვერ გეტყვით. მე კონკრეტულად ამ სასამართლო დავებთან მიმართებაში ინფორმაციას სრულად ვერ ვფლობ. უბრალოდ კარგი უნდა იყოს ის, რომ საბედნიეროდ ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ კონსტრუქციული პოზიცია დაიჭირა. ბოლო შეხვედრაზე მათ შემოგვთავაზეს, რომ შეხვედრა შედგეს, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ამ ყველა საკითხის გაზიარება მოხდება, თუ რის საფუძველზე მოხდა მათი დაჯარიმება იმისათვის, რომ სხვა ორგანიზაციებმა პრევენციული ზომები განახორციელონ.