ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, ხუდონჰესის პროექტი კვლევის ფაზაზეა, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია მისი განხორციელება.
მინისტრის თქმით, მთავრობა მეოთხე წელია მაქსიმალურად ცდილობს ინვესტორს ხელი შეუწყოს და მას ყველანაირად მხარში დაუდგეს.
"ასეთი ტიპის პროექტები სიფრთხილით განვითარებას მოითხოვს. არის სოციალური, ფისკალურ-ეკონომიკური და გარემოს დაცვის საკითხები, რომელსაც ყურადღებით გავდივართ. ინვესტორთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ის ფინანსურ ზიანს არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს. სახელმწიფო ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამს, რომ მათ რამე ფორმით რაიმე ზიანი მიადგეთ",- განაცხადა ილია ელოშვილმა "ბიზნესკონტრაქტის“ პირდაპირ ეთერში.
მისი განმარტებით, “ხუდონჰესის“ მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კომპანიას რამდენიმე ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი - ეს იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, განსახლების გეგმის შემუშავება და მიწასთან დაკავშირებით აზომვითი ნახაზების გაკეთება.
"ზოგადად ინვესტორის პასუხისმგებლობაა, რომ განსახლების გეგმა და ყველა აუცილებელი წინა სამშენებლო სამუშაოები შეასრულოს, მაგრამ ამგვარი ტიპის პროდუქტები სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირის გარეშე შეუძლებელია შესრულდეს. ეს ყველაფერი თვითონ ინვესტორსაც კარგად ესმის",- აცხადებს ილია ელოშვილი.