Home
Category
TV Live Menu

"მინისტრთა კაბინეტის კოსმეტიკური ცვლილებები", - ექსპერტები ახალ მთავრობას აფასებენ

58355ab05690e
თათია ჩაფიჩაძე
23.11.16 12:38
899
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2016-2020 - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ისეთ რეფორმატორ კადრებს ელოდნენ, რომლებიც რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას არ მოერიდებოდნენ.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ფიქრობს, რომ მთავრობამ სტრუქტურული ცლვილებების განხორციელებაზე ამ ეტაპზეც უარი განაცხადა. არსებული მინისტრების გადანაცვლებით კი ბოლო 4 წლის ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება.

„მთავარი გამოწვევა ამ გუნდის არის ის, რომ ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით უნდა იყვნენ მაქსიმალურად რადიკალურები და უნდა მიიღონ პოლიტიკურად წამგებიანი, მაგრამ ეკონომიკურად მომგებიანი გადაწყვეტილებები. რამდენად შეძლებენ ამას ამ შემადგენლობით მე სიმართლე გითხრათ ცოტა მეეჭვება. გარდა ამისა, ჩემი აზრით აუცილებელი იყო მთელი რიგი სამინისტროების გამსხვილება. არ იყო საჭირო ეკონომიკის სამინისტროს ცალკე ყოფნა, რადგანაც ის ფუნქციურად ეკონომიკის განვითარებას არ ემსახურება, სრულად გაუგებარი დეპარტამენტები არსებობს და ამიტომ ასეთი უწყებების შინაარსობრვი გამსხივლება უნდა მომხდარიყო. ეს ბიუროკრატიასაც გაამრტივებდა და ასევე ხარჯების დაზოგვასაც შეუწყობდა ხელს“ - განაცხადა ყიფიანმა.

პარლამენტარი რომან გოცირიძე ამბობს, რომ კვირილკაშვილის მიერ დაკომპლექტებულმა ახალმა მთავრობამ მხოლოდ „კოსმეტიკური ცვლილებები“ განიცდა. შესაბამისად, რაიმე რადიკალური ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ელოდებიან.

"ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. მე ამ მთავრობას ვუწოდებდი უძრაობის მთავრობას, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა და ახლაც იგივე შემადგემნლობით, იგივე ხედვით, იგივე ფილოსოფიით და იგივე ენერგეტიკით ვაგრძელებთ. ეს ყველაფერი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვქონდე რაიმე სასიკეთო ცვლილების იმედი ეკონომიკაში", - მიიჩნევს გოცირიძე.

ეკონომიკური გუნდის გადაწყობას პოზიტიურად აფასებს ექსპერტი ლევან კალანდაძე. განსაკუთრებული ყურადღება მისი მხრიდან ეკონომიკის სამინისტროს გიორგი გახარიასთვის ჩაბარებაზე მახვილდება. კალანდაძე თვლის, რომ ამ გუნდში ბიზნესის პოზიცია მაქსიმალურად იქნება დაცული და ყველა დასახული გეგმა მათი მუშაობის პირობებში ეტაპობრივად განხორციელდება.

„გახარია არის ძალიან კონფორტული როგორც ბიზნესისითვის, ისე სახელმწიფო პოზიციებიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, პრემიერისთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა ის დაანონსებული გეგმა და სიახლე მაქსიმალურად უზურნველყოფილი და ცხოვრებაში გატარებული იყოს. ახლა მთავრია მოკლევადიანი და საშუალოვადიანი ამოცანები სწორად იქნას განხორციელებული. მოკლევადიანი ამოცანებისთვის ყველაზე მთავარი საკითხები 2017 წლის ბიუჯეტ ეხება. ვნახოთ ახალი ეკონომიკური გუნდი რამდენად იქნება იმ განცხადებებზე მორგებული რაც გაკეთდა. მხედველობაში მაქვს, ბიუჯეტის დეფიციტის მართვის ეფექტიანი მოდელის ჩამოყალიბება და ხარჯების შემცირების კომპონენტი და მეორე საკითხი დედოლარიზაციის თემებს უკავშირდება. მე მოლოდინი მაქვს, რომ ეკონომიკური გუნდი იმ სამოქმედო ნაბიჯებთან დაკავშირებით რაც ქვეყანაში ლარზე მოთხოვნის გაზრდის უზრუნველყოფის ჩამოყალიბებას უკავშირდება, კონკრეტულ განაცხადს გააკეთებს“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day