მირზა შაფის მშენებლობა კიდევ ერთხელ გადაიდო. 2008 წელს დაწყებული პროექტის ბედი, რომელიც ძველ თბილისში მირზა შაფის ქუჩის აღდგენას გულისხმობს, კვლავ გაურკვეველია.
„ბიზნესკონტრაქტთან“ პროექტის ინვესტორი კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ პროექტი კვლავ დამუშავების ეტაპზეა და თუ მშენებლობა მარტამდე დაიწყო, კარგი იქნება.
„8-9 წელია ამ პროექტს ვაკეთებთ და ხომ არ მივატოვებთ? მივიყვანთ პროცესს ბოლომდე“,- აცხადებს გიორგი სვანიძე.
მისი განცხადებით, პროექტზე მერიის არქიტექტურის სამსახური და არქიტექტორები მუშაობენ.
8 წლის განმავლობაში პროექტის მშენებლობის დაწყება არაერთხელ გადაიდო. მიზეზი ისაა, რომ პროექტი ძველ თბილისში უნდა განხორციელდეს, სფეროს სპეციალისტებს კი არაერთი შენიშვნა ჰქონდათ პროექტის არქიტექტურასთან დაკავშირებით.