"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამგეობის" თაჯმდომარის ბესო შენგელიას განცხადებით, მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 100 ათას ლარამდე თამასუქების გაცემას უკრძალავს, პრაქტიკულად თამასუქების გაცემის სრულად აკრძალვას ნიშნავს. ბესო შენგელია განმარტავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში თამასუქების უდიდესი ნაწილი სწორედ 100 ათას ლარამდე თამასუქებზე მოდის.
მისი თქმით, ცვლილება დიდ პრობლემებს შეუქმნის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ლარის რესურსს თამასუქებით მოიზიდავდნენ - მათ მოუწევთ თანხები სხვა გზებით მოიპოვონ.
"მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის პოზიციაც მისაღებია, რადგანაც იყო ჩვენს რეალობაში მაგალითი საფინანსო კომპანია „საქართველოს“ შემთხვევაში, როდესაც ვერ მოახერხა თანხების დაბრუნება ორგანიზაციამ", - აცხადებს ბესო შენგელია.
მისივე თქმით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მოსახლეობის მიერ დაზოგილი დეპოზიტები ძირითადად ბანკებში გადაინაცვლებს, სადაც სარგებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. შედეგად, ბესო შენგელიას განცხადებით, ყველაფერთან ერთად ეს გადაწყვეტილება მომხმარებელს უკარგავს შესაძლებლობას, საკუთარი დანაზოგიდან მეტი სარგებელი მიიღოს და გარკვეულწილად ამცირებს კონკურენციას.
"ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იყო უფრო მოქნილი სისტემის დაწესება ჩვენთვისაც, მაგალითად როგორიცაა ბანკების შემთხვევაში, როცა შესაძლებელი იქნებოდა კაპიტალის მოთხოვნა თამასუქების გაცემამდე", - აცხადებს ბესო შენგელია.