კომპანია „მისტერ მასტერის“ ხელმძღვანელი ბორის სოსელია ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების მომხრეა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ახალი ვალდებულება, რომელიც ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსებისგან სერთიფიცირებას ითხოვს, სხვა ტექნიკოსებზეც უნდა გავრცლედეს.
ბორის სოსელიას თქმით, დღეს ბაზარზე კვლალიფიკაციის პრობლემა ნამდვილად დგას, ამიტომ ხელისუფლების გადაწყვეტილება სწორია.
„მგონია, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა და არამარტო ერთი მიმართულებით, არამედ ყველა მიმართულებით უნდა გაკეთდეს ანალოგიური. თუნდაც ელექტრიკოსს ან სანტექნიკოსს აუცილებლად სჭირდება სერთიფიკატი, სანამ უშუალოდ მუშაობას შეუდგება.
ჩვენს კომპანიაში მოსული ტექნიკოსი აუცილებლად გადის გარკვეულ ტრენინგებს, ერთია შიდა მიმართულების სწავლის, მეორე კი ტექნიკური კვალიფიკაციის ამაღლების. როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე ხდება კვლალიფიკაციის ამაღლება“,- აცხადებს ბორის სოსელია.
მისივე თქმით, სერტიფიცირებული ტექნიკოსის შემთხვევაში ტრენინგი ბევრად სწრაფად და მარტივად ჩაივლის და თანამშრომელი სწრაფადვე შეუდგება საქმიანობას, რაც ბიზნესს რესურსს დააზოგინებს.
შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან ყველა ტექნიკოსს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს, ეკისრება სერტიფიცირების ვალდებულება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი კადრის სავალდებულო სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.