Home
Category
TV Live Menu

"მივესალმებით განსაკუთრებულად ისეთი ბანკების შემოსვლას, რომელთაც გააჩნიათ სათანადო რესურსები"

592278de4a557
ელენე გოგბერაშვილი
22.05.17 10:20
910
საქართველოში ერთმილიარდიანი კაპიტალის მქონე ჩინური ბანკის დაფუძნების გადაწყვეტილებას ქართული საბანკო სექტორის წარმომადგენლები აფასებენ. "თი ბი სი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი შაგიძე ,,საქმის კურსთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას მიესალმებიან. მისი თქმით, საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის მქონე ბანკის საქართველოში შემოსვლა ჯანსაღი კონკურენციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

"მივესალმები ყველა ახალი ბანკის შემოსვლას, მითუმეტეს ისეთი ბანკის ,რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სათანადო ფინანსური და სხვა ტიპის რესურსები. ჩვენ გვგონია, რომ ჯანსაღი კონკურენციით იგებს ყველა, მათ შორის ჩვენ და მომხმარებელი. მოკლედ, ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი ჩინური ბანკის შემოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ძლიერი მხარეები, რომელსაც განვავითარებთ და გამოვიყენებთ და ამით გავაგრძელებთ, რომ ვიყოთ განსხვავებული ქართულ ბაზარზე", - აცხადებს გიორგი შაგიძე.

რაც შეეხება საქართველოში ბანკების რაოდენობას, გიორგი შაგიძე მიიჩნევს, რომ "ყველა ეკონომიკას შეიძლება თავისი ზომის შესაფერისი ბანკების რაოდენობა ჰყავდეს". 

"მე არ მგონია, რომ ვინმე აცხადებდა, რომ უნდა შემცირდეს ბანკების რაოდენობა. უბრალოდ ყველა ეკონომიკას შეიძლება თავისი ზომის შესაფერისი ბანკების რაოდენობა ყავდეს, განსაკუთრებით მსხვილი ბანკების. არ მგონია, რომ ეს ვინმეს ხელს უშლის. ჩვენ მივესალმებით განსაკუთრებულად ისეთი ბანკების შემოსვლას, რომელთაც გააჩნიათ სათანადო რესურსები და ამაში ვხედავთ ბევრ პოზიტივს ჩვენთვის და მომხმარებლებისთვის", - აცხადებს გიორგი შაგიძე.

რაც შეეხება კითხვაზე პასუხს, იქონიებს თუ არა გავლენას ახალი მოთამაშის გამოჩენა საპროცენტო განაკვეთებზე, შაგიძე სამომავლოდ განაკვეთების შემცირების ტრენდის გაგრძელებას პროგნოზირებს.

"გრძელვადიან ტრენდს თუ ავიღებთ საპროცენტო განაკვეთები ძალიან მცირდება. 3-4 წლიან პერიოდში სულ მცირე 4%-ით არის შემცირებული. გრძელვადიან ტრენდს თუ გადავხედავთ საპროცენტო განაკვეთები გააგრძელებს შემცირებას იმის პარალელურად, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა. აქ ძირითადად დიდი კომპონენტია ქვეყნის საკრედიტო რისკის ფასი, რომელიც მცირდება მაშინ, როცა ქვეყანა ვითარდება. ხვალ რა იქნება საპროცენტო განაკვეთი ეს ძალიან ბევრ კომპონენტზე არის დამოკიდებული და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად გააგრძელებს შემცირებას", - ამბობს გიორგი შაგიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day