სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. შეზღუდვა არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ფარგლებში; ასევე კანონი არ გავრცელდება განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ამ მუხლის 36 პუნქტით დადგენილი წესით. განსაზღვრულ შემთხვევებში კომერციული ბანკი ვალდებულია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან 2 წლის ვადაში, გაასხვისოს იგი უფლებამოსილ პირზე.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლს ემატება 34 - 36 პუნქტები, რომლის მიხედვითაც: - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე. - წარმოდგენილი ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელმაც საკითხის შესწავლის შემდგომ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით და დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უნდა წარუდგენს საქართველოს მთავრობას.