Home
Category
TV Live Menu

მიწის რეგისტრაციის პროცესში სახელმწიფომ 3 თვეში 1127 აზომვითი ნახაზი დააფინანსა

5815a56e85153
BM.GE
30.10.16 11:40
1085
მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგებზე ’’საქმიან დილასთან“ ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკა სისაური საუბრობს.

-ქალბატონო ეკა, რამდენი მიწის ნაკვეთია უკვე რეგისტრირებული?

-2013 წლიდან ჩვენ მთელ რიგ პროექტებს ვახორციელებთ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკითხებს ეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროგრამაა, რომელიც საქართველოში 2013 წლის მარტიდან დაიწყო. პროცესი თბილისიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით, დედაქალაქი სრულად ინვენტარიზებულია. ჯამში აღმოჩენილია 734 ჰექტარი მიწა და 53 რაიონში ეს პროექტი უკვე დასრულებულია. წლის ბოლომდე სრულდება ინვენტარიზაციის პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ უკვე მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. აქცენტი გაკეთდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე და აღმოჩენილი გვაქვს 637 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

-ფერმერი რა საბუთებს უნდა ფლობდეს და სად უნდა მივიდეს, რომ ამ პროგრამით ისარგებლოს?

- სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია აბსოლუტურად უსასყიდლო და უფასო გახადა. უფრო მეტიც, წინა მოსამზადებელი ეტაპები - უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოძიება-გამოთხოვა შესაბამისი უწყებებიდან და ასევე მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზის სუბსიდირებას სრულად სახელმწიფო ახდენს, ანუ პროცედურა შემდეგია: თუ ფერმერს, ადგილობრივ მეწარმეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გააჩნია, რომელიც ჯერ კიდევ არ აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, იგი ამზომველს მიმართავს, რომელთანაც შესაბამის ხელშეკრულებას გააფორმებს, მიღება-ჩაბარების აქტს, შემდეგ საჯაროო რეესტრში მივა და დოკუმენტაციასთან ერთად, სარეგისტრაციო განაცხადს ჩააბარებს. მას შეუძლია წინასწარ არ მოიძიოს უფლების დამდგენი დოკუმენტი, ვინაიდან პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრი აღნიშნულ დოკუმენტაციას თავად მოიძიებს. ამზომველის საფასურს რაც შეეხება, 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის საფასურს სრულად სახელმწიფო აფინანსებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ბოლო 3 თვის მანძილზე ძალიან კარგი სტატისტიკა გვაქვს. 90 საამზომველო კომპანიაა აღნიშნულ პროექტში ჩართული, ანუ კერძო შპს-ები. ეს პროექტი ორი მიმართულებით მუშავდება და მუშაობს. კერძო სექტორი, ანუ ამზომველები მუშაობის პროცესში ჩართულები არიან და მეორე მხრივ, ადგილობრივ ფერმერს სახელმწიფოსგან აქვს წახალისება სუბსიდირების სახით, რომ მან ეს თანხა აზომვებში დამატებით არ გადაიხადოს. 1127 აზომვითი ნახაზი აქვს სახელმწიფოს უკვე დაფინანსებული. პროექტი ერთწლიანია და გრძელდება, თუმცა ჩვენ დინამიკას ვაკვირდებით და როგორც კი გვექნება წლის ბოლოს კონკრეტული შედეგი, გადავხედავთ და ამის მიხედვით გადაწყდება ვადა გაგრძელდება თუ პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო რეესტრის კანონში შესული ცვლილებებით რეგისტრაციის პროცესი ძალიან გამარტივდა. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელსაც წლების განმავლობაში ხარვეზი ქონდა და ხალხი საკუთარ ქონებას ვერ ირეგისტრირებდა, საჯარო რეესტრმა კანონის შესაბამისი ცვლილებების საფუძველზე გამონაკლისები დაუშვა და ასეთი ტიპის რეგისტრაცია დაშვებულია. ასევე მედიაციის ინსტიტუტი შემოვიდა, მაგალითად სამეზობლო დავების მოგვარება უვე რეესტრის და ნოტარიატის კომპეტენცია გახდა და რაც მთავარია ერთიანი საკადასტრო სტანდარტი შემუშავდა, ანუ ყველა აზომვითი ნახაზი, რომელსაც დღეს მოქალაქე საჯარო რეესტრს ჩააბარებს, ერთიან სტანდარტში უნდა იყოს აზომილი და ჩაბარებული, რაც შემდგომში ე.წ. გადაფარვების და ზედდებების პრობლემებს გამორიცხავს, რომლის მაგალითები რეგიონებში და დედაქალაქშიც ბევრია.

-ფერმერებისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი გადასარეკი ტრასებია. რა ხდება ამ მიმართულებით?

-ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელზეც ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროსთან და მეცხვარეთა ასოციაციასთან ერთად ვმუშაობთ. ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში მთელი საქართველო ამ მიმართულებით უკვე სრულად ინვენტარიზებულია. პირუტყვის გადასარეკი ტრასები 4 რეგიონში გვაქვს. ესენია: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირუტყვის გადასარეკი ტრასები ინვენტარიზებულია და მისი 90% უკვე დარეგისტრირებული არის. დარჩენილ 10%-ში კი ის პრობლემები გვაქვს, რასაც ქვია გადაფარვები, კერძო საკუთრებები გადასარეკ ტრასებზე და ა.შ. ჩვენი უწყება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მოსახლეობასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში მეცხვარეთა ასოციაციაც ჩართულია და უკვე შესაბამისი შედეგები გვაქვს და მუშაობას განვაგრძობთ.

-როდესაც მიწები აუქციონზე გამოაქვთ საიდან ხდება ფასწარმოქმნა ?

-სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწას, ეს იქნება სასოფლო თუ არასასოფლო დანიშნულების მიწას დამოუკიდებელი აუდიტორი აფასებს. ჩვენს შემთხვევაში სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო. შეფასება ასე ხდება: შემფასებლების კონკრეტული ჯგუფი გადის ადგილზე, აღნიშნული ინფორმაცია ადგილზე მუშავდება, შესწავლა ხდება ეს მიწა მორწყვადია თუ ურწყვადი და შესაბამისი მეთოდებით, როგორიც არის შედარების თუ ანალოგიების მეთოდი, მიწის ნაკვეთების შეფასება ხდება. როგორც საიჯარო ქირის საფასურის განსაზღვრა ასევე საპრივატიზაციო ღირებულებების დადგენა. ეს პროცედურა მნიშვნელოვანია, თუ როგორი პერიოდულობით, რა მეთოდებითა და პარამეტრებით ხდება პრივატიზების პროცესი, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო მიწასთან მიმართებაში. გაიჯარებული სასოფლო სავარგულების მხრივ ძალიან კარგი სტატისტიკა გვაქვს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი კატეგორიის მიწები 18 000 ჰექტარზე მეტი გაიჯარებული გვაქვს. ჯამში ეს 2 წლის განმავლობაში გამოცხადებული 2300 აუქციონზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი უწყება აქტიურად არის ჩართული კამპანიაში, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ლოკალურად ადგილობრივ დონეზე გამოცხადებულ აუქციონებთან დაკავშირებით. ვინაიდან აუქციონი ქალაქში ცხადდება გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ ფერმერებს თავიანთ სოფლებში გამოცხადებული სახნავი მიწის იჯარის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებოდათ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ პროექტი ’’სოფლიდან გაუსვლელად“ შევიმუშავეთ, რომელიც 2 წლის წინ დაიწყო, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის ინფორმირება ხდება, ადგილზე ჩაგვაქვს ბუკლეტები და ინფორმაციას 1 თვით ადრე ვავრცელებთ და მხოლოდ ამის შემდეგ იდება აქუციონზე კონკრეტული სახნავი მიწა, რომელიც უნდა გაიჯარდეს. ჩვენ უკვე დაფარვის ზონებიც გვაქვს გარდა 6 რეგიონალური სამხარეოსი, რომელიც ჩვენ უწყებას გააჩნია.

Subscribe to our news

Get the main news of the day