Home
Category
TV Live Menu

მიწის რესურსის მართვა შესაძლოა, მიწის კოდექსით დარეგულირდეს

59b94cb478922
დავით ჯალაღონია
13.09.17 19:19
884
მიწის რესურსის მართვა შესაძლოა, მიწის კოდექსით დარეგულირდეს. ამის შესახებ "საქმის კურსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გელა სამხარაულმა სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ორგანული კანონის პროექტის შემუშავების ვადებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ კანონპროექტის ჩარჩო ვერსია მზად არის, თუმცა მისი დამუშავების პროცესში სხვადასხვა უწყებებიც უნდა ჩაერთონ, ამ ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ კი გადაწყდება, მიწების უცხოელებზე გასხვისებას „სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ“ კანონი დაარეგულირებს, თუ - მიწის კოდექსი.

"ჩვენ ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, მაგრამ შემდგომში მიწის კოდექსში იქნება ასახული, თუ ცალკე იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე კანონი, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა სამხარაულმა.

დეპუტატის განმარტებით, განახლებული კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიწის რესურსის მართვის საკითხებზე პარლამენტში კომისიური მუშაობა დაიწყება.

"წინა მოწვევის პარლამენტში იყო შექმნილი შესაბამისი კომისია სხვადასხვა უწყებების ჩართულობით და ვფიქრობ, ახლაც ანალოგიურად ვიმუშავებთ. მიწასთან ურთიერთობა და ზოგადად, მისი მართვის ხედვა მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი“, - აღნიშნა სამხარაულმა.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით მოქმედ მორატორიუმში ცვლილებებს, გელა სამხარაულის ინფორმაციით, ამ თემაზე მომზადებული კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის 20-22 სექტემბრის კვირაში გავა.

"საკომიტეტო მოსმენაზე კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც იქნას გათვალისწინებული გამონაკლისები“, - განმარტა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე გამოცხადებულ მორატორიუმში კომერციული ბანკებისთვის გამონაკლისების დაწესების მიზნით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ანალოგიური დათქმა გათვალისწინებული არ იყო.

მოგვიანებით, დეპუტატებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნით კანონპროექტი გადაამუშავეს. შედეგად, კომერციულ ბანკებს სასოფლო-სამეურნეო მიწების დასაკუთრება ორი წლის ვადით შეეძლებათ, მიკროსაფინანსოებს - ერთი წლით. ამ ვადებში აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მიწების უფლებამოსილ პირებზე გასხვისება უნდა მოასწრონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day