Home
Category
TV Live Menu

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ვადები გახანგრძლივდა

598ae1b6ea5f3
BM.GE
09.08.17 14:18
832
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ვადები გახანგრძლივდა. ნავთობისა და გაზის კორპორაციაში „საქმის კურსს“ უთხრეს, რომ წინადადებების წარდგენის ვადამ პრეტენდენტთა მოთხოვნით 15 სექტემბრამდე გადაიწია. GOGC-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო კომპანიების მხრიდან პროექტის მიმართ ინტერესი დიდია.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის მიზნით „პროექტირების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების“ (EPIC) მომსახურების შესყიდვისთვის ღია საერთაშორისო ტენდერი ივლისში გამოაცხადა.

გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების და საქონლის შესყიდვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების წესების შესაბამისად განხორციელდება, რომლებიც ნაწილობრივ აფინანსებენ გაზსაცავის პროექტს. საერთაშორისო ტენდერის პირველი ეტაპი მოიცავს პრეკვალიფიკაციის პროცესს, რომლის ფარგლებში კორპორაცია შეარჩევს შესაბამისი გამოცდილებისა და ფინანსური შესაძლებლობების მქონე კონტრაქტორების ჯგუფს.

გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში. სამგორის გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება. ამ დროისთვის შაჰ-დენიზის გაზსადენიდან საქართველოსთვის მოსაწოდებელი გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.

გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day