"მიხაილოვის საავადმყოფოს" ყოფილი მფლობელები ხელისუფლებას სასამართლოში უჩივიან. კომპანიამ "აღმა" სასამართლოში სარჩელი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ შეიტანა, რომელმაც კომპანიას ობიექტი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩამოართვა.
კომპანიის აღმსარულებელი დირექტორი გოგი უგრეხელიძე "ბიზნესკონტრაქტთან" დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერი სასამართლოს დაწყების შემდეგ გაირკვევა.
"საკითხი არის სასამართლო დავაში. არავის ვუჩივით, მაგრამ ჩვენ ვდაობთ. დაველოდოთ სასამართლოს",- აცხადებს გოგი უგრეხელიძე.
სასამართლო პროცესების დაწყების შესახებ ინფორმაცია "ბიზნესკონტრაქტს" სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოშიც დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველი პროცესი აპრილშია ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "აღმას" მიხაილოვის საავადმყოფო გასული წლის ბოლოს ჩამოერთვა. მაშინ ამის მიზეზად კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა.
თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №60-ში, მიხაილოვის სახელობის ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიის მფლობელი "აღმა" 2015 წლის დასაწყისში გახდა.
"აღმას" ქონება 4 მლნ დოლარად გადაეცა. ინვესტორი ვალდებული იყო აღნიშნულ ობიექტში არანაკლებ 200 ოთახიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე განეთავსებინა. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის დასაწყისისთვის უნდა დაეწყო.