საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა, ევროკავშირის ოფიციაურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ შენგენის წევრ ქვეყნები მოკლევადიანი ვიზიტით.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, აღნიშნული მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებზე ვრცელდება და ის არ ეხება სამუშაო ან სასწავლო მიზნებზე. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ამ შემთხვევაში ვიზა ისევ რჩება ძალაში.
"ვიზალიბერალიზაცია არ ეხება სამუშაო უფლებას. სამუშაო უფლებისთვის სხვა რეგულაციებია და ვიზა ისევ რჩება ძალაში. თუ ხანგრძლივი ვადით არის გამგზავრების სურვილი, ვთქვათ სამუშაო კონტრაქტით ან სასწავლებლად, ამ შემთხვევაში აუცილებელია ვიზის აღება. რაც შეეხება სამუშაო უფლებას, არსებობს შესაბამისი შეთანხმებები რომელზეც მიდის მუშაობა ქვეყნებთან ორმხრივ რეჟიმში,სადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული პროფესიის მატარებელი პირების დასაქმება. ამაზე ვმუშაობთ საფრანგეთთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან", - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.