საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მმართველმა კოალიციამ მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობები ვერ აითვისა. პირველ სკოლაში გამართული საჯარო ლექციის დროს გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"უყურებ ქვეყნის შესაძლებლობებს, რომელიც ათვისებადია, იმ სექტორებს, რომლებიც ათვისებადია, მაგრამ როდესაც შეხედავ ჩვენს ეკონომიკას და ნახავ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ძალიან ცოტაა, ეს ძალიან ცუდია. ეს მმართველი კოალიციის შეცდომა იყო, როდესაც ეს შესაძლებლობები ვერ აითვისეს, მაგრამ ახლა არ დავიწყებ ხელისუფლების კრიტიკას, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი ფაქტორია საგარეო საფრთხეეები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი თვლის, რომ ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებულია და ქვეყანაში სადაც ტერიტორიები ოკუპირებულია, სადაც არის უმუშევრობა, უამრავი გაჭირვებული ადამიანია, ერთსქესიანთა ქორწინება პრობლემად არ უნდა იქცეს.
"ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებულია. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა გვშია და ოკუპირებულები ვართ? რატომ ვიწვევთ ქარიშხალს ჭიქაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა არ ისაუბრონ გაჭირვებაზე, სამუშაო ადგილებზე. ამაზე საუბარი მათთვის გამოსავალია. თითქოს, ეს პრობლემაა და ქორწინების სახლთან ერთსქესიანთა წყვილების რიგებია და მათ ქორწინებისთვის პრობლემები ექმნებათ. ეს გამოგონილი თემაა" -განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი კიდევ ერთ აქტუალურ, ეკოლოგიის თემას შეეხო და განაცხაად, რომ თბილისი უაღრესად ცუდი საცხოვრებელი და სამოძრაო გახდა.
"ჩვენი წინაპრები თავს აკლავდნენ, რომ თბილისი ისეთი აგვეშენებინა როგორიც გვაქვს. ახლა მახინჯ შენობებს ვაშენებთ. არ მომწონს არა მარტო არქიტექტურა, არამედ ურბანული განლაგება, არ მომწონს მანქანების განლაგება ქუჩაში, ხმაურის რაოდენობა ქუჩაში. ჩემს ბავშვობაში იყო ბევრად მეტი მწვანე შუქი. დღეს ხეები მოჭრეს, ააშენეს უზარმზარი შენობები. მე მზეს ვხედავ ახლა მხოლოდ იმ შენობის ანარეკლიდან, რომელიც ააშენეს. ისე არ მომწონს, რომ სადაც გავიზარდე, იქიდან წავედი და გადავედი დუშეთში. უაღრესად ცუდი საცხოვრებელი და სამოძრაო გახდა თბილისი",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის პირველ სკოლაში გამართულ საჯარო ლექციაზე.
politcommersant.ge
politcommersant.ge