"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი მხოლოდ "ბილაინმა“ შეიტანა. საუბარია ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერზე, რომელშიც წინადადებების შეტანის ვადა დღეს ამოიწურა. კონსოლიდირებული ტენდერი მიმდინარე წლის 31 იანვარს გამოცხადდა. აღნიშნული ტენდერის საფუძველზე, ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურება 260 ათასამდე საჯარო სამსახურში დასაქმებულმა აბონენტმა უნდა მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე დღეს უარი თქვა "ჯეოსელმა“ და საგანგებო განცხადებაც გაავრცელა. უარის მიზეზად კი კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული წერილი დაასახელა, რომლის მიხედვითაც, კომისია მობილურ ოპერატორებს მიუთითებს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების და მომსახურების მიწოდების შემთხვევაში კანონს დაარღვევენ. კომისია მიიჩნევს, რომ სატენდერო პირობებით, რომელიც "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ აქვს გამოცხადებული "კომუნიკაციების შესახებ კანონის“ 33-ე მუხლის დარღვევა იკვეთება. აღნიშნული მუხლს კი ასეთი ფორმულირება აქვს - "მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები, მათ შორის მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფის ხარჯზე“.
კომისია ამჟამად 2017 წელს ანალოგიური სერვისის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში "მაგთისა“ და ჯეოსელის“ მონაწილეობის პირობებს სწავლობს. კომისია ოპერატორების მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ სატენდერო პირობები, რომლიც "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ“ წელს გამოაცხადა, შარშანდელის ანალოგიურია, ამიტომ კანონდარღვევის რისკიც არსებობს.
"ჯეოსელისთვის, როგორც კანონმორჩილი, საზოგადოების საჭიროებებზე და ინტერესებზე ორიენტირებული კომპანიისთვის, აღნიშნული რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რომლის საფუძველზეც კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება თავი შეეკავებინა აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისგან.
კომპანია იმედს იტოვებს, რომ სხვა მობილური ოპერატორებიც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მიღებულ მოთხოვნა/რეკომენდაციას და არ დაუშვებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციების დარღვევას", – აღნიშნულია ჯეოსელის განცხადებაში.
bm.ge კომპანია "ბილაინს“ დაუკავშირდა. როგორც ბილაინის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი ესართიამ განაცხადა, კომუნიკაციების კომისიის მითითება მათ არ ეხება. მისი თქმით მოკვლევა, რომელსაც მარეგულირებელი ამჟამად აწარმოებს ჯერ კიდევ 2017 წელს გამოცხადებულ ანალოგიურ ტენდერზე, "მაგთის“ და "ჯეოსელს“ მონაწილეობას ეხება. ესართიას განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს არც საბოლოო დასკვნა, რომ ტენდერის პირობებით ტარიფების სუბსიდირების პრობლემაა დგება და კანონდარღვევაც ნამდვილად სახეზეა.
"კომისიას ნათქვამი აქვს, რომ მოკვლევა "მაგთიზე" და "ჯეოსელზეა“ დაწყებული, "ბილაინზე" კი ასეთი მოკვლევა არ დაწყებულა, შესაბამისად ვერ ვხედავთ ტენდერში მონაწილეობის პრობლემას. ჩვენ შარშანდელ ტენდერში მონაწილეობა არ მიგვიღია და შესაბამისად ჩვენზე წარმოებაც არ დაწყებულა, ამიტომ განაცხადი შევიტანეთ. თუ კომისია ჩვენს შემთხვევაშიც დაინახავს, რომ ტარიფის სუბსიდირების ნიშნებია, დაიწყოს მოკვლევა", - აღნიშნა ირაკლი ესართიამ.
შარშან ბილაინმა ანალოგიურ ტენდერში ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო.