საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებად ცნობილი მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ კომისიის გადაწყვეტილების დარღვევის საკითხი განიხილა.
კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“ და შპს „მობიტელმა“ (ბილაინი) ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებები დაარღვიეს, რადგან კომისიაში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონთან და კომისიის გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მოწვევის ოფერტა წარმოადგინეს (მომსახურების პირობები). კომისიამ სამივე მობილურ ოპერატორს წერილობით აცნობა აღნიშნულის შესახებ, თუმცა კომისიაში ხელმეორედ წარმოდგენილი მოწვევის ოფერტები კვლავ შეუსაბამო იყო მოქმედ კანონმდებლობასთან.
„ელეტქრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით და კომისიის გადაწყვეტილებით სამივე კომპანია მობილური მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო წილის ოპერატორად და მათზე დაკისრებულია სპეციფიური ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა და ბოლოს, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.