მოგების გადასახადის რეფორმა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და იგი 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. შესძენს თუ არა ქვეყანას კონკურენტულ უპირეტესობას აღნიშნული რეფორმა - თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ გალტ&თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე საუბრობს.
- ბატონო არჩილ, გვემატება თუ არა კონკურენტული უპირატესობა იმით, რომ მოგების ნაცვლად ქვეყანაში დივიდენდი დაიბეგრება?
- რა თქმა უნდა, ეს ბიზნესისთვის ხელის შემწყობი რეფორმაა და ქართული ბიზნესისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის ყველანაირად კარგია. საქართველოში კაპიტალის დაგროვება მხოლოდ ბოლო 20 წელია ხდება. მანამდე ქვეყანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და ამიტომაც დღეს საქართველოში კაპიტალის ნაკლებობაა. ეს რეფორმა დაახლოებით 600 000 000 ლარს უტოვებს ბიზნესს და სახელმწიფოს არ მიაქვს კაპიტალად, რომელიც შეიძლება ბიზნესის გასავითარებლად და ინვესტიციებისთვის იყოს გამოყენებული. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ეს დიდი იმპულსი იქნება.
- რატომ მოგების გადასახადი და არა დავუშვათ იგივე საშემოსავლო გადასახადი, რაზეც საუბარი იყო, რომ 15%-მდე უნდა შემცირებულიყო?
- ყოველთვის, როდესაც საუბარია, რომ ნაკლები გადასახადის შეგროვება მოხდეს, ეს დამატებითი იმპულსია იმისთვის, რომ სახელმწიფო უფრო ეფექტური გახდეს. აქ საუბარია იმაზე, რამდენად ზრდაზე ორიენტირებული გვინდა ვიყოთ, თუ სოციალურ ორიენტაციას ვანიჭებთ უპირატესობას. ეს რეფორმა ზრდაზე ორიენტირებულია, ანუ ფულს იმ ბიზნესს უტოვებს, რომელსაც მოგების დაწერა შეუძლია, რადგან ეს მოგების გადასახადის რეფორმაა და იმ ყველაზე ეფექტურ ბიზნესს ეხება, რომლსაც კაპიტალის გამრავლება შეუძლია. ის ზრდისთვის უფრო ბევრად ხელშემწყობია, ვიდრე იქნებოდა მაგალითად, საშემოსავლოს შემცირება, რომელიც მოხმარების ზრდას შეუწყობდა ხელს, მაგრამ უფრო მოკლევადიანი ეფექტი ექნებოდა. მოგების გადასახადის ეს რეფორმა კი უფრო გრძელვადიან ეფექტს იძლევა.
-თქვენ ახსენეთ, რომ სახელმწიფო ეფექტური უნდა გახდეს, ამაში ალბათ ხარჯების შემცირებაც იგულისხმება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ამბობს, რომ იგივე ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაა შესაძლებელი, მეორეს მხრივ ის საკმაოდ მკვეთრს აქცენტს სვამს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გადასახადების გაზრდა აუცილებელი გახდება და მათ შორის მაგალითად, თამბაქოზე აქციზის გაზრდაც იყო დასახელებული. თქვენი შეფასება როგორია, რომელ მხარეს უნდა წავიდეს სახელმწიფო?
-მიმდინარე ხარჯების კუთხით დისციპლინის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენადაც მესმის, მთავრობის განზრახვაც ეს არის. არა მხოლოდ ბიუროკრატიულის, არამედ მთლიანად მიმდინარე ხარჯების, ყველა კუთხით შემცირება თუ არ მოხდება, მაშინ არ უნდა გაიზარდოს. სავალუტო ფონდის რეკომენდაციას გადასახადების გაზრდაზე რაც შეეხება, კონსულტაციებში არა მხოლოდ აქციზების, არამედ სხვა გადასახადების გაზრდაზეც იყო საუბარი, იგივე იქნება ეს დღგ-ის თუ სხვა გადასახადები, რაშიც არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები და იმიტომ, რომ თუ ერთი მხრივ, სახელმწიფომ ნაკლები გადასახადი ამოიღო და მეორე მხრივ, დაბეგვრა და მაინც გამოართვა კერძო სექტორს ის გადასახადი, მაშინ რა გამოვა? მთელი იდეა არის, რომ მეტი ფული დარჩეს კერძო სექტორს, რომ მეტი ფული ზრდაში ჩაიდოს და სახელმწიფო "იძულებული“ იყოს, რომ ხარჯები დაზოგოს, რომ დეფიციტის რაღაც ნაწილს არ გადააჭარბოს.
რაც შეეხება თამბაქოს, - ეს ისეთი ტიპის პროდუქტია, რომელიც სახელმწიფოს გრძელ ვადაში უფრო ძვირი უჯდება, ვინაიდან სახელმწიფო ერთი მხრივ, ჯანდაცვის კუთხით ხარჯავს ძალიან დიდ თანხებს და იმ ადამიანებს მკურნალობს, რომელიც თამბაქოთი თავს ძალით იზიანებს. ამ კუთხით მეტი დაბეგვრა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჯანდაცვის პროგრამები დაფინანსდეს, შესაძლოა გამართლებული იყოს.
მოგების გადასახადის ეფექტი არის 600 000 000 ლარიანი და ყველა იმ ბიზნესს მეტ კაპიტალს უტოვებს, რომელსაც შეუძლია, რომ ფულიდან ფული აკეთოს და კაპიტალი გაამრავლოს.