მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, გაეუქმებინა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი. ამის შესახებ ევროკომისარმა საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ევროკავშირი და საქათველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ერთმანეთს. ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, გაეუქმებინა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და დრო დადგა, მივულოცოთ საქართველოს მოსახლეობას ეს წარმატებული ნაბიჯი.
თქვენ, ბატონო პრემიერმინისტრო და საქართველოს მოსახლეობა, დიდხანს ელოდებოდით ამ ამაღელვებელ მომენტს. ძალიან მალე, მოკლე დროში დავასრულებთ ფორმალურ ნაბიჯებს და იმედი მაქვს, თვის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ ამ მოვლენით",- განაცხადა ევროკომისარმა.