მომავალი წლიდან არარეზიდენტ პირებს კორპორატიული ფასიანი ქაღალდების შეძენა შეეძლებათ. როგორც "საქმის კურსთან" ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, დღესდღეობით ყველაზე მეტად მთავრობის ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდებია განვითარებული. მისი თქმით, საფონდო ბირჟასთან ერთად უკვე მიდის მუშაობა, რომ სისტემა კორპორატიული ობლიგაციების მიმართულებით გაფართოვდეს.
"ამჟამად ჩვენ გვყავს 3 არარეზიდენტი ინვესტორი, ვინც ყიდულობს მთავრიბის ფასიან ქაღალდებს. საქართველოში არის რამდენიმე გლობალური ფასიანი ქაღალდების მფლობელი ორგანიზაცია, ანუ უცხოელს შეუძლია თავიანთ დეპოზიტარს შეუკვეთოს და შეიძინოს ლარის ფასიანი ქაღალდები. ჩვენ ამჟამად ბირჟასთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს სისტემა გავაფართოვოთ კორპორატიულ ობლიგაციებზე და ასევე ექვითიზე. მომავალი წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება არარეზიდენტებმა მარტივად შეიძინონ კორპორატიული ფასიანი ქაღალდები. დღეს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ბევრი პრობლემა აქვს, რაზეც ვმუშაობთ. მათ შორისა საგადასახადო გარემო, ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა რეგულირება და კანონში ცვლილებები. ამ პრობლემების გადასაჭრელად ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს მთავრობასთან და გარკვეული პროგრესიუკვე გვაქვს", - აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.