Home
Category
TV Live Menu

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტზე ეკონომიკური ხედვა არ არსებობს"

573d78f1b47ec
BM.GE
19.05.16 12:25
1236
"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტი, რომლის ინიციატორი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია გუშინ მეორე მოსმენით განიხილეს, მაგრამ არ დაუმტკიცებიათ.

კანონპროექტს ბიზნესის შენიშვნები ახლავს. ბიზნეს ასოციაციის განმარტებით, აღნიშნული კანონი ბევრი კომპანიის დახურვასა და გაკოტრებას გამოიწვევს.

კანონპროექტზე "საქმიან დილასთან" ბიზნეს ასოციაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილი საუბრობს.

- ბატონო ნიკა, გუშინდელი განხილვებიდან რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- შთაბეჭდილება გუშინდელი განხილვებიდან საკმაოდ მძიმე იყო და არა მხოლოდ ამ კანონპროექტთან მიმართებაში, ზოგადად საკანონმდებლო პროცესთან მიმართებაში. უშუალოდ ამ კანონპროექტთან მიმართებაში იმიტომ დაგვრჩა ასეთი მძიმე შთაბეჭდილება, რომ მომხსენებელი არა ერთხელ უსვამდა ხაზს მისი აზრით იმ გარემოებას, რომ საქართველოში მომხმარებელთა უფლებები საერთოდ არ არის დაცული. ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს, სამართლებრივი სათანადო ბაზა არ არის და მას არავინ ასრულებს. აქცენტი გაკეთებული იყო ასევე სურსათის მიმართულებით, რომ ჩვენ არ ვიცით რით ვიკვებებით, არ ვიცით ქვეყანაში რა შემოდის, რაც ბუნებრივია, სინამდვილეს არ შეესაბამება. ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი ინფორმაციის ფლობის და ფაქტების დამახინჯების შედეგი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საკანონმდებლო ბაზა, ჩვენ მათ შესაბამის საკანონმდებლო აქტების შესახებ მუხლობრივი ციტირების დონეზე ეს ინფორმაცია არა ერთხელ მივაწოდეთ. ჩვენ გვაქვს უწყებები, რომლებიც მომხმარებელთა უფლებებს სხვადასხვა სფეროებში იცავენ და განსაკუთრებით მინდა, აქცენტი გავაკეთო სურსათის, საკვების სფეროზე, სადაც საკმაოდ მსხვილი უწყება სათანადო კომპეტენციით და უფლებამოსილებით არის აღჭურვილი - ეს არის სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც ძალიან მკაცრ კონტროლს ატარებს და არა მხოლოდ ის, ამ ყველაფერს საბაჟოზე საკმაოდ მკაცრად, დეტალურად აკონტროლებენ, ლაბორატორიული ანალიზით.

- ბატონი ლევან ბერძენიშვილის პათოსით, ბიზნესს არაფერი დაუკარგავს და ის ფაქტი, რომ ორი კვირის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააბრუნოს შეძენილი ნივთი პრობლემა არ უნდა იყოს. რამდენად ეთანხმებით ამ პათოსს, რომელიც კონკრეტულად ფასწარმოქმნის მომენტზე ამახვილებს ყურადღებას...

- ვფიქრობ, რომ ეს საკითხის მიმართ ძალიან ზედაპირული დამოკიდებულებაა. ჩვენ ამ საკითხზე არა ერთხელ გვქონდა საუბარი და ხაზგასმით მივუთითეთ და მოვუყვანეთ კონკრეტული მუხლები ევროკავშირის შესაბამისი დირექტივიდან. ევროკავშირშიც კი თავიანთ ქვეყნებში მეწარმეებს მსგავს ვალდებულებას არ უწესებენ. იყო არგუმენტები, რომ ასე არის სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. ჩვენ მოვიძიეთ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, მივაწოდეთ, გავუზიარეთ და დავუსაბუთეთ, რომ სომხეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანშიც კი არ არის ასე. აქედან გამომდინარე, ჩვენ განცდა გვრჩება, რომ ეს არაჯანსაღი ინტერესია მთლიანად ამ კანონპროექტის და ასევე ამ მუხლის მიმართ. მთავრობის დასკვნაშიც მითითება იყო იმაზე, რომ სანამ ამ კანონპროექტს მივიღებთ აუცილებელია რეგულაციის გავლენის ანალიზის გაკეთება. სწორედ რეგულაციის გავლენის ანალიზი იძლევა პასუხს იმაზე ბიზნესსა და მომხმარებელს “რა დაუჯდება“ ეს კანონპროექტი, რა ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული, რას გაართულებს და რას გაადვილებს. სამწუხაროდ, ტექნიკურ ეკონომიკური ხედვა არ არსებობს და ეს კომიტეტზეც დადასტურდა.

- როგორია ბიზნესის ძირითადი შენიშვნები?

- ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მიერ მიწოდებულ თითქმის ოც გვერდიან შენიშვნებში დასაბუთებული იყო, როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე იმ კუთხით თუ რა ასპექტში გაურთულებს ბიზნესს ეს ოპერირებას და გადაცემის ეფექტით ეს მომხმარებელზე როგორ აისახება. როდესაც ჩვენ ევროკავშირის ასოცირების პროცესზე ვსაუბრობთ, მათ შორის ამ კანონპროექტსაც ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვითომ და ვალდებულების შესაბამისად ვიღებთ. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ რეგულაციის გავლენის ანალიზი არის, მათ შორის ევროკავშირის საკანონმდებლო პროცესის ერთ-ერთი სავალდებულო ეტაპი. ამ ანალიზის გარეშე, თუ რას გამოიწვევს ესა თუ ის კანონი, ევროკავშირში არც ერთი კანონი მიიღება. რეგულაციის გავლენის ანალიზი არ არის რაღაც მითიური, უცნობი რამ. ეს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს თუ პირს ძალიან ადვილად შეუძლია რეგულაციის გავლენის ანალიზის მეთოდოლოგია ნახოს. თუნდაც არ არის აუცილებელი ამისთვის სამინისტროს შექმნა, თუნდაც პარლამენტის კომიტეტის აპარატი, სადაც შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანები მუშაობენ. შეიძლება აუცილებელი არ იყოს სრულყოფილი რეგულაციის გავლენის ანალიზის ჩატარება-განხორციელება, მაგრამ რეგულაციის გავლენის ანალიზის გარკვეული კომპონენტი მაინც უნდა განახორციელონ.

- მაშინ ამ შემთხვევაში ნება არ არის?

- სავარაუდოდ ნება არ არის მოისმინო ის არგუმენტები, დაინახო ის ფაქტები, რასაც შენს მიერ თუ სხვის მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკვე რეალურ ცხოვრებაში გამოიწვევს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ამ კანონპროექტს არ ეხება. ჩვენ ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც რაღაც კანონს ვიღებთ, შემდგომში ვაკვირდებით როგორ მუშაობს, ვხედავთ, რომ ეს რაღაცას აფუჭებს, შემდეგ ამის გამოსწორებას ვცდილობთ. დრო მიდის, სახელმწიფო ვითარდება, ჩვენ უკეთესი ხარისხის საკანონმდებლო პროცესი, უკეთესი პროდუქტი გვჭირდება, რათა ყველამ ერთად იქნება ეს ბიზნესი, მომხმარებელი, საკანონმდებლო ორგანო, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, ფიქრი უფრო მეტ სიმაღლეებზე დავიწყოთ. ჩემი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ ჩაკეტილ წრეში მუდმივად ვიტრიალებთ.

- რისი გამოცდილებით ხდება ამ პრაქტიკის გადმოღება?

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია ერთ კონკრეტულ მუხლზე, რომელიც მომხმარებლისათის იმ უფლების მინიჭებას ითვალისწინებს, რომ მან შენაძენი გამყიდველს ყველანაირი საფუძვლის გარეშე მხოლოდ იმის გამო, რომ მან უბრალოდ გადაიფიქრა, აიღოს და დაუბრუნოს და გადახდილი თანხა უკან მოითხოვოს. ასეთი რამ ევროკავშირის დირექტივაში არ წერია, ასევე არც სომხეთის, არც რუსეთის და აზერბაიჯანის კანონმდებლობაში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შემიძლია წინ დავუდო ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე აქტი, სიდაც ვერაფერ მსგავს ვერ მიმითითებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day