საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულ სესხების გალარების პროგრამას. სააგენტოს ინფორმაციით, სესხების გალარების პროექტი ბანკებისთვის პოზიტიური იქნება.
Moody’s-ის ინფორმაციით, ეს ნაწილობრივ შეამცირებს იმ უარყოფით გავლენებს, რომელიც კურსთა შორის სხვაობამ მოიტანა საბანკო სექტორისთვის. "საქართველოს გეგმა, რომელიც დოლარში აღებული სესხების ლარში კონვერტაციას გულისხმობს, ბანკებისთვის პოზიტიურია, რამდენადაც ის შეამცირებს საკრედიტო დანაკარგებს. გეგმის მიხედვით, ბანკებს არანაირი ხარჯი არ აქვთ, რამდენადაც პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ვფიქრობთ, რომ ბანკების პორტფოლიოს 5% მოხვდება პროგრამაში“,- აღნიშნავს Moody’s.
როგორც სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, საქართველოში სესხების ორი-მესამედი უცხოურ ვალუტაშია გაცემული, "როდესაც სექტორის 40%-ს "საქართველოს ბანკს" და „თიბისი ბანკს“ სესხები დენომინირებული დოლარში აქვთ იმ მსესხებლებისთვის, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში არ აქვთ".
"ეს ინიციატივა პოზიტიურად აღიქმება საქართველოში მოქმედი ბანკების მიერ კრედიტდაბანდების ჭრილში, რადგან მათი საკრედიტო პორტფელის დანაკარგებს შეამცირებს.
პროგრამა გულისხმობს ფიზიკურ პირებზე გაცემული, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, აშშ დოლარში გამოხატული სესხების გალარებას. ინიციატივა ეხება 100 000 ლარამდე (დაახლოებით 39 000 აშშ დოლარი), თუმცა დაგირავებული უძრავი ქონების ღირებულებამდე დარჩენილ ვალდებულებას. განაკვეთი კონვერტაციისას იქნება ოფიციალურ კურსს მინუს 20 თეთრი (1 ლარი 100 თეთრია). თუ 1 აშშ დოლარის არსებული გაცვლითი კურსი 2.50 ლარია, კონვერტაცია მოხდება კურსით 2.30 ლარი.
ინიციატივა 2017 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში და 28 თებერვალამდე იმოქმედებს. მის ადმინისტრირებას საქართველოს ეროვნული ბანკი მოახდენს. გეგმა დამატებით ხარჯებს არ აკისრებს ბანკებს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება 20 თეთრიანი სხვაობა. ჩვენი ვარაუდით ამ ინიციატივის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის მსესხებელთა დაახლოებით 5 პროცენტი დააკმაყოფილებს.
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები გაზრდილი საკრედიტო რისკის პირობებში მუშაობენ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევები საზიანოდ აისახება მსესხებელთა გადახდისუნარიანობაზე. საქართველოში გაცემული კრედიტების დაახლოებით ორი მესამედი უცხოურ ვალუტაშია გამოსახული (ძირითადად აშშ დოლარში), მაშინ როდესაც სს საქართველოს ბანკისა (რეიტინგი: Ba3 სტაბილური, ba3) და სს თიბისი ბანკის (რეიტინგი: Ba3 სტაბილური, ba3) საკრედიტო პორტფელი აშშ დოლარშია გამოსახული და გაცემულია მსესხებლებზე, რომლებსაც შემოსავალი აშშ დოლარში არ გააჩნიათ", - ნათქვამია განცხადებაში.